მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დილის შემდეგ არ გაზრდილა
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დილის შემდეგ არ გაზრდილა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დილის შემდეგ მონაცემები არ შეცვლილა და საქართველოში კვლავ კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 81 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ამასთან, ეზუგბაიას თქმით, თბილისის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსიგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ერთმა პაციენტმა დატოვა.

„ჩემთვის სასიამოვნოა, გითხრათ, რომ დილის შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა. ეს ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში გვყავს 81 დადასტურებული შემთხვევა, იგივეა მონაცემები ჯერჯერობით. ამ 81 დადასტურებული შემთხვევიდან ამ ეტაპზე ჩვენთან მკურნალობს 32 პაციენტი, 13-მა პაციენტმა დატოვა ჩვენი კლინიკა. დღეს გითხარით, რომ 12-მა პაციენტმა დატოვა კლინიკა, მე-13 პაციენტის მდგომარეობაც შეფასდა, მისი კლინიკური მონაცემები და რადიოლოგიური მონაცემები საშუალებას იძლეოდა, მასაც დაეტოვებინა კლინიკა და გაეწერა ბინაზე, თვითიზოლაციაში ორი კვირის  განმავლობაში. ყველა პაციენტი, რომელიც ტოვებს კლინიკას გაჯანმრთელებული, მიუხედავად ამისა, ისინი აგრძელებენ თვითიზოლაციაში ყოფნას ორი კვირის განმავლობაში“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაია ამბობს, რომ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი კორონავირუსის მქონე ოთხი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კვლავ განსაკუთრებით მძიმეა.

„ამ ეტაპზე ოთხი მძიმე პაციენტი გვყავს, ერთი განსაკუთრებით მძიმეა, ასაკოვანი ქალბატონი. ჯერჯერობით მისი მდგომაროების სტაბილიზება ვერ მივიღეთ. დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა დღეს, დღის განმავლობაში, არ გაუარესებულა, მაგრამ ეს არ იძლევა დამშვიდების საფუძველს, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება დაავადებამ პროგრესირება განიცადოს. იმედია, ეს ასე არ მოხდება“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.