მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებული მესამე პაციენტის ტესტის პასუხი კიდევ მოწმდება, პაციენტი კლინიკას ჯერ არ დატოვებს
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებული მესამე პაციენტის ტესტის პასუხი კიდევ მოწმდება, პაციენტი კლინიკას ჯერ არ დატოვებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ნომერ მესამე პაციენტის შემთხვევაში, რომელთან დაკავშირებითაც პირველ ჯერზე მიღებულია უარყოფითი პასუხი, ტესტი კვლავ მოწმდება.

მისივე თქმით, პაციენტი ჯერ კლინიკას ვერ დატოვებს.

„განმეორებით ტესტის შემთხვევაში, ჯერჯერობით ტესტი კიდევ მოწმდება. ამ ეტაპზე ჯერ ეს პაციენტი არ დატოვებს კლინიკას იქიდან გამომდინარე, რომ მისთვის საკარანტინო ვადა რასაც ჰქვია, არ არის გასული. ადრე იყო ლაპარაკი 14 დღეზე, დაავადების პროგრესირების ყველაზე მსუბუქი შემთხვევებში, გაიზარდა 20 დღემდე. აქედან გამომდინარე, ამ პაციენტისთვის ჯერ არ არის გასული ეს ვადა. ჯერჯერობით გააგრძელებს ჩვენთან დაკვირვებას და როცა გვექნება საბოლოო პასუხი, გავწერთ ბინაზე“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 29 პაციენტი წევს.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა.