მარინა ეზუგბაია - ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს, არსებულ მონაცემებს თუ შევინარჩუნებთ, როგორც პირველ ტალღას გავუმკლავდით, ისე გავუმკლავდებით მეორესაც
მარინა ეზუგბაია - ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს, არსებულ მონაცემებს თუ შევინარჩუნებთ, როგორც პირველ ტალღას გავუმკლავდით, ისე გავუმკლავდებით მეორესაც

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში თუ შენარჩუნდება კორონავირუსის შემთხვევების ზომიერი მატება, მეორე ტალღასთან გამკლავება შესაძლებელი იქნება.

„მსოფლიოში მეორე ტალღაზე საუბრობენ და არის უკვე ნიშნები იმისა, რომ გარკვეულწილად, ზოგიერთ ქვეყანაში განახლდა, ზოგიერთ ქვეყანაში გამძაფრდა. ვინაიდან ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს მონაცემებს, ზომიერ, კონტროლირებად მატებას, თუ ჩვენ გავაგრძელებთ კოვიდთან თანაცხოვრების ამ რეჟიმში ურთიერთობას, არსებული რეგულაციების შენარჩუნებით, მეორე ტალღა თუ იქნება, იმედია, რომ ეს არ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი, როგორც პირველ ტალღას გავუმკლავდით, ისევე გავუმკლავდებით მეორე ტალღას.

ეს ყველაფერი დამოკიდებულია თქვენზე, ჩვენზე და სახელმწიფოზე. როგორც ვხედავ, სამივე ვექტორი ძალიან კარგად იქცევა. სახელმწიფო განსაკუთრებით უვლის ამ სიტუაციას, სამედიცინო სექტორი განსაკუთრებით ყურადღებით და თავგანწირვით იბრძვის. ჩვენც, მოსახლეობაც, გარკვეულწილად თუ გავაგრძელებთ რეგულაციების შესრულებას, ალბათ საგანგაშო მდგომარეობა არ გვექნება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე განმარტებით, მეზობელ ქვეყნებში მეორე ტალღის დაწყება, გამძაფრება, გარკვეულწილად შეიძლება აისახოს საქართველოზეც.

„აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის რეგულაციების და მასთან დაკავშირებული ყველა პუნქტის სწორად, ადეკვატურად, დროულად გამოცხადება და შესრულება ალბათ უნდა გახდეს საფუძველი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს პრობლემა არ დადგეს, გავაგრძელოთ ზომიერი, კონტროლირებადი მატება.

ეს ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყანაზე, მასში მცხოვრებ ყველა მოქალაქეზე. სახელმწიფომ თავისი სწორად გადადგმული ნაბიჯებით შეძლო, ასეთი კონტროლირებადი ყოფილიყო ჩვენთან კოვიდინფიცირებულების სიტუაცია.

ვხედავთ, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს და ეს უნდა შევინარჩუნოთ. შევინარჩუნებთ ყველანი ერთად – ჩვენ, სახელმწიფო, კლინიკები, და მოქალაქეებზეა დიდი პასუხისგებლობა რეგულაციების შესრულების თვალსაზრისით“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.