მარინა ეზუგბაია - ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახური კარგად ასრულებს თავის საქმეს, რაც შედეგებზეც აისახება
მარინა ეზუგბაია - ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახური კარგად ასრულებს თავის საქმეს, რაც შედეგებზეც აისახება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოს ეპიდემიოლოგიური სამსახური, დაავადებათა კონტროლის ცენტრი თავიანთ საქმეს ზედმიწევნით კარგად ასრულებენ, რაც შედეგებზეც აისახება.

„ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახური, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მეთაურობით, ზედმიწევნით კარგად ასრულებს თავის საქმიანობას. ეს შედეგებზეც აისახება, რადგან ყველა ახალი წყარო ყოველთვის რამდენიმე დღეში ხდება ხოლმე მოწესრიგებული. აქედან გამომდინარე, მე მგონია, ყველაფერი კარგად უნდა იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობა მოდუნდეს“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

მან მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რეკომენდაციები დაიცვან.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველა აუცილებელი ღონისძიება შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც უნდა ჩატარდეს. უნდა მოვერიდოთ თავყრილობებს, აუცილებელია პირბადეებით სიარული, საზოგადოებრივი თავშეყრების ადგილას პირბადის გარეშე არ უნდა იყოს ადამიანი, ტრანსპორტში თითქოს არის ხოლმე იმაზე მეტი ხალხმრავლობა, ვიდრე დასაშვებია. ალბათ ყველა ჩვენგანმა, ისევე როგორც ეპიდემიის დასაწყისში, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას, კვლავ უნდა გავითავისოთ ეს და შევინარჩუნოთ ის შედეგები, რაც გვაქვს. არ გავიუარესოთ მდგომარეობა და დავრჩეთ იმ კარგ ზოლში, რასაც ჰქვია დღევანდელი ჩვენი სიტუაცია“,- განაცხადა ეზუგბაიამ.