მარინა ეზუგბაია - ათეული შემთხვევა ჩვენ არ გვაშინებს, ქვეყანა მზად არის, მას გაუმკლავდეს, თუმცა აუცილებელია მოქალაქეების გულისხმიერება
მარინა ეზუგბაია - ათეული შემთხვევა ჩვენ არ გვაშინებს, ქვეყანა მზად არის, მას გაუმკლავდეს, თუმცა აუცილებელია მოქალაქეების გულისხმიერება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას შეფასებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრად მატება ამ ეტაპზე უკავშირდება მობილობის გაზრდას, რეგულაციების ნაკლებად შესრულებას და არა მეორე ტალღას.

ეზუგბაიას თქმით, მეორე ტალღა უფრო გვიან შემოდგომაზეა მოსალოდნელი.

„დაავადების მატება მოსალოდნელი იყო შემოდგომის დადგომასთან ერთად, რადგან მეტ-ნაკლებად შემოდგომა უკავშირდება მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადებების აქტივობების ზრდას. აქედან გამომდინარე, დაავადების მატება ყოველთვის გვაქვს შემოდგომაზე. საერთოდ, როდესაც არის რესპირატორული ინფექციების, „კოვიდ-19“-ის, ასევე სასუნთქი გზების დაავადებების ზრდის ტენდენცია, შესაბამისად მოსალოდნელია გარკვეული მატება, მაგრამ ზრდა, რომელსაც ჩვენ მეორე ტალღას დავარქმევთ, უნდა იყოს ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის შუა რიცხვებში, თუმცა დადგება თუ არა ეს ცოტა ადრე, ვერ გეტყვით.

ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს დაავადების მნიშვნელოვანი ზრდა. შეიძლება თუ არა ასეთი მატება მეორე ტალღად ჩაითვალოს? ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ჩვენ მეორე ტალღაზე არ ვლაპარაკობთ. მეორე ტალღას და მასთან დაკავშირებულ მატებას მაინც ყოველთვის ვუკავშირებთ სეზონს, ეს არის გვიანი შემოდგომა. არსებული ზრდა ბოლო პერიოდში მობილობის გაზრდით და რეგულაციების შესრულების შესუსუსტებითაა გამოწვეული. ჩემი აზრით, ეს გახდა ამ ეტაპზე დაავადების ასეთი ზრდის საფუძველი“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაია ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ აცხადებს, რომ საქართველო მწვანე ზონიდან გავიდა.

ამასთან, ეზუგბაია ამბობს, რომ ჯანდაცვის სექტორი მზადაა, მომატებულ შემთხვევებს გაუმკლავდეს. მარინა ეზუგბაია კვლავ ამახვილებს ყურადღებას მოსახლეობის მხრიდან რეკომენდაციების შესრულებაზე, როგორიცაა პირბადე, სოციალური დისტანცია და ჰიგიენური წესების დაცვა.

„მწვანე ზონიდან გასულები ვართ, მაგრამ ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია – 10 არის მაქსიმალური და 10.2 მეათედი გვაქვს. თუ შევინარჩუნებთ სიტუაციას და გავუმკლავდებით, პრობლემა არ გვექნება. პირველი დღიდან, სახელმწიფო, მთავრობა, ჯანდაცვა თავისი ყველა სამსახურით და სამედიცინო სექტორი გაუმკლავდა ვირუსის დაწყების, შეტევის ფაზას. შემდეგ მკვეთრი ზრდა იყო, გავუმკლავდით, პერიოდულად გვქონდა რამდენიმე ეპიდაფეთქება, ამასაც გავუმკლავდით. დარწმუნებული ვარ, არსებულ მდგომარეობასაც გავუმკლავდებით, ჯანდაცვის სისტემა ამისთვის მზად არის.

შესაბამისი საწოლ-ფონდი არსებობს. ზრდასთან ერთად, მოხდება საწოლ-ფონდის დამატება, ჯანდაცვის სამინისტრო თავისი სამედიცინო სექტორით მზად არის სამუშაოდ. არ დაგვიმალავს და ვამბობთ, ათეული შემთხვევა ჩვენ არ გვაშინებს და ვიცით, რომ ქვეყანა მზად არის, სახელმწიფომ თქვენ დაგანახათ მყისიერი ქმედებები ყველა ვერტიკალის – სახელმწიფო, მთავრობა, ჯანდაცვა, სამედიცინო სექტორი. დარწმუნებული ვარ, რვა თვის გამოცდილებით ამ საქმის გაკეთება უფრო მყისიერად შეგვეძლება, მაგრამ ამისთვის აუცილებელია თანამოქალაქეთა გულისხმიერება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 20 პაციენტი.