მარინ ლე პენის პარტიის ლიდერი ჯორდან ბარდელა მომხრეებს მშვიდობიანი მობილიზაციისკენ მოუწოდებს
მარინ ლე პენის პარტიის ლიდერი მომხრეებს მშვიდობიანი მობილიზაციისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, ჯორდან ბარდელამ სოციალურ ქსელ „იქსში“ დაწერა.
ბარდელამ მარინ ლე პენის მიმართ გამოტანილ განაჩენს „დემოკრატიული სკანდალი“ უწოდა და განაცხადა, რომ „მშვიდობიანი მობილიზაციის გზით შესაძლებელია იმის დემონსტრირება, რომ ხალხის ნება უფრო ძლიერია“.
მან ასევე მოუწოდა მომხრეებს, ხელი მოაწერონ მარინ ლე პენის მხარდამჭერ პეტიციას.
„ეს უკვე აღარ არის მოსამართლეების მთავრობა, ეს არის მოსამართლეების დიქტატურა, რომელთაც სურთ, ხელი შეუშალონ ფრანგ ხალხს, გამოხატონ საკუთარი ნება“, – ნათქვამია პეტიციის ტექსტში.
ცნობისთვის, 31 მარტს სასამართლომ დამნაშავედ ცნო ფრანგული ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი ევროკავშირის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში. საქმე ეხება ლე პენის პარტიის წევრი ევროდეპუტატების მიერ ასისტენტების ფიქტიურ დასაქმებას, რომლებსაც უხდიდნენ ჰონორარებს ევროპარლამენტის ბიუჯეტიდან, სინამდვილეში კი ისინი პარტიულ სამუშაოს ასრულებდნენ.
სასამართლომ ლე პენს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამასთან, ორ წელიწადს პოლიტიკოსი შინაპატიმრობაში გაატარებს, ხოლო ორი წელი პირობით სასჯელია. მარინ ლე პენს ასევე ხუთი წლით აუკრძალეს არჩევითი თანამდებობის დაკავება, რაც ნიშნავს, რომ ის 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს ვერ იყრის.
ლე პენის ადვოკატმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.