მარინ ლე პენის განცხადებით, ევროკავშირის თანხების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე მის მიმართ განაჩენს სასამართლო 31 მარტს გამოიტანს
მარინ ლე პენის განცხადებით, ევროკავშირის თანხების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე მის მიმართ განაჩენს სასამართლო 31 მარტს გამოიტანს

ევროკავშირის თანხების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე მარინ ლე პენის მიმართ სასამართლო განაჩენს მომდევნო წლის 31 მარტს გამოიტანს. ამის შესახებ თავად ლე პენმა განაცხადა სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ.

„იმედი მაქვს, მოსმენილი იქნება ჩვენი სხვადასხვა არგუმენტი, რომელთა წარდგენაც შევძელით. მე გავაკეთებ იმას, რაც საჭიროა ფრანგი ხალხის დასაცავად. ვთქვი, რომ ეს არის პოლიტიკოსების მიერ მოწყობილი სასამართლო პროცესი, პოლიტიკური მიზნებისთვის. მე მგონია, რომ ეს ნათლად გამოჩნდა“, – განაცხადა საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა.

ცნობისთვის, მარინ ლე პენს და მისი პარტიის 24 წევრს, პარტიის ოფიციალურ პირებს, თანამშრომლებს, ყოფილ დეპუტატებსა და საპარლამენტო ასისტენტებს ბრალი ედებათ ევროპარლამენტში მუშაობისთვის გამოყოფილი თანხების გამოყენებაში იმ თანამშრომლების დასაფინანსებლად, რომლებიც მათი პარტიისთვის მუშაობდნენ.

ლე პენი და სხვა ბრალდებულები ამტკიცებენ, რომ თანხების გამოყენების მეთოდი კანონიერი იყო.სასამართლო პროცესი ლე პენს უქმნის საფრთხეს, 10 წლით აეკრძალოს საჯარო თანამდებობის დაკავება. თავად ლე პენი ბრალდებებს უარყოფს. ცნობისთვის, ევროპარლამენტის წევრებს გამოეყოფათ თანხები ხარჯების დასაფარად, მათ შორის ასისტენტებისთვის, თუმცა მათი გამოყენება პარტიული საქმიანობის დასაფინანსებლად დაუშვებელია.