მარინ ლე პენი – პოლონეთში საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო მიმდინარე მოვლენები შეშფოთებას იწვევს, პოლონეთის კრიზისის წინაშე ევროკავშირის გულგრილობა ლეგიტიმურ კითხვებს ბადებს

20:09, 01.11.2026

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება.

მისი თქმით, მომხდარი ფაქტებით შეშფოთებულია. ლე პენმა ასევე განაცხადა, რომ უსაფრთხოების ძალების გამოყენება კონსტიტუციური ორგანოს ძალადობრივად ხელში ჩაგდებაზე მიუთითებს.

ფრანგი პოლიტიკოსის თქმით, ამ ფონზე ევროკავშირისა და მედიის გულგრილობა კითხვებს აჩენს.

„პოლონეთში საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო მიმდინარე სერიოზული მოვლენები ღრმა შეშფოთებას იწვევს. ტრიბუნალის პრეზიდენტის თანამდებობიდან გათავისუფლება და ამ ინსტიტუტის გარშემო უსაფრთხოების ძალების ჩარევა, როგორც ჩანს, კონსტიტუციური ორგანოს ძალადობრივ ხელში ჩაგდებას წააგავს. ევროკავშირის გულგრილობა და მედიის დუმილი პოლონეთის კრიზისის წინაშე ლეგიტიმურ კითხვებს ბადებს. არ შეიძლება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვაზე უარის თქმა, როდესაც წევრი სახელმწიფოს კონსტიტუციური ბალანსი სერიოზულ საფრთხეშია. ევროკავშირში ასეთი ძალისმიერი ტაქტიკის გავრცელება სერიოზულ კითხვებს ბადებს“, — აღნიშნავს ლე პენი.

როგორც უცხოური მედია წერს, პოლონეთში კრიზისი საკონსტიტუციო ტრიბუნალზე კონტროლის მოსაპოვებლად ბრძოლას უკავშირდება. დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ტრიბუნალის მოსამართლემ, ანა კორვინ-პიოტროსკამ, როგორც უწყებაში ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე მოსამართლემ, წინა ხელისუფლების დროს, „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ მმართველობის პერიოდში დანიშნული ტრიბუნალის თავმჯდომარე ბოგდან შვეჩკოვსკი და მისი მოადგილე ბართლომეი სოხანსკი ერთი თვით თანამდებობიდან გადააყენა და ეს სიახლე უწყების ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

30 ოქტომბერს პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან მისულ პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის კორტეჟს სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ. პოლიცია ცდილობდა, საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში არც პრეზიდენტი და არც ოპოზიციური „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ წარმომადგენლები არ შეეშვა. შეტაკება იყო პოლიციასა და დემონსტრანტებს შორისაც. საბოლოოდ ნავროცკიმ სასამართლოს შენობაში შესვლა შეძლო. ამასთან, პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალთან განვითარებული მოვლენების გამო კაროლ ნავროცკი პარლამენტის წარმომადგენლებს სასწრაფო კონსულტაციებზე იწვევს.

მსგავსი