მარინ ლე პენი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც განსაზღვრავს მისი საპრეზიდენტო კანდიდატურის წარდგენის შესაძლებლობას, „შეიძლება, მოხდეს ჩარევა ქვეყნის დემოკრატიაში“

19:01, 05.07.2026

ფრანგმა პოლიტიკოსმა, მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ 7 ივლისს მოსალოდნელი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც განსაზღვრავს, შეეძლება თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატურის წარდგენა, „შეიძლება, მოხდეს ჩარევა“ ქვეყნის დემოკრატიაში.

57 წლის ლე პენი იმედოვნებს, რომ არჩევნებში კენჭისყრის აკრძალვა გაუქმდება.

განაჩენით შესაძლოა, მარინ ლე პენი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეთიშოს ან მას გზა გაეხსნას უმაღლესი თანამდებობის დასაკავებლად.

2025 წლის მარტში საფრანგეთის სასამართლომ მარინ ლე პენს ევროპარლამენტიდან თანხების მითვისების საქმეზე საჯარო თანამდებობის დაკავების ხუთი წლით აკრძალვა და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „როიტერის“ თანახმად, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები 2027 წლის არჩევნების პირველ ტურში როგორც ლე პენის, ასევე მისი თანაპარტიელის, ჯორდან ბარდელას გამარჯვებას ვარაუდობენ.

„ბუნებრივი იყო, რომ დღეს აქ ვყოფილიყავი, სულ რამდენიმე დღით ადრე გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელიც ცხადია, მნიშვნელოვანი იქნება – მნიშვნელოვანი, რადგან მას შეუძლია, ხელი შეუშალოს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ ფუნქციონირებას. გარკვეულწილად, შესაძლოა, გადაწყვეტილება თქვენს ნაცვლად მიიღოს. მარინ ლე პენი პრეზიდენტობის კანდიდატურას წარადგენს და თუ ის აირჩევა, ჯორდანი პრემიერ-მინისტრი გახდება. მაგრამ, ჩემო მეგობრებო, სასამართლო თუ ხელს შემიშლის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრაში, მაშინ მეც, რა თქმა უნდა, დიდი მონდომებით, მტკიცე რწმენით და დიდი თავდაჯერებულობით, ყოველდღე დავუჭერ მხარს ჯორდან ბარდელას კანდიდატურას, მის გამარჯვებამდე“, – აღნიშნა „ეროვნული კრების“ წარმომადგენელმა, მარინ ლე პენმა მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს.

მსგავსი