მარინ ლე პენი აცხადებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, საფრანგეთს ნატო-ს ინტეგრირებული სამხედრო სარდლობიდან გაიყვანს
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა, მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში საფრანგეთს ნატო-ს ინტეგრირებული სამხედრო სარდლობიდან გაიყვანს.
ლე პენის თქმით, საფრანგეთი ალიანსში უნდა დარჩეს, თუმცა სამხედრო სარდლობის სისტემიდან გასვლა ქვეყნის დამოუკიდებლობას გააძლიერებს. როგორც ლე პენმა აღნიშნა, ეს მოკავშირეებთან თანამშრომლობაში ხელს არ შეუშლის.
ამასთან, ლე პენმა განაცხადა, რომ ევროპა ზედმეტად დამოკიდებულია აშშ-ის გადაწყვეტილებებზე.
„რეალურად, ჩვენ დამოკიდებული ვართ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებებზე, რაც სამწუხაროა“, – აღნიშნა ლე პენმა.
ნატო-ს ინტეგრირებული სამხედრო სარდლობა ალიანსის მუდმივი სამხედრო მართვის სისტემაა, რომლის მიზანია, რომ 32 წევრი სახელმწიფოს სამხედრო ძალებმა საჭიროების შემთხვევაში ერთიან ძალად სწრაფად იმოქმედონ.
ლე პენის განცხადებას გამოეხმაურა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ნოელ-ბარო, რომელმაც ეს იდეა „არაგონივრულად“ და „სრულიად უპასუხისმგებლოდ“ შეაფასა.
მისი თქმით, იმ ფონზე, როცა ვაშინგტონი ევროპაში საკუთარი ჩართულობის გადახედვას განიხილავს, საფრანგეთისა და მისი პარტნიორების ამოცანაა, ნატო უფრო „ევროპული“ გახდეს.
მისივე თქმით, ნატო-ს ზოგიერთი წევრი ქვეყანა მუდმივად განიცდის რუსეთის მხრიდან ზეწოლასა და აგრესიას და მსგავსი ნაბიჯი მათთვის ღალატად აღიქმებოდა.