მარიამ ქვრივიშვილმა რუმინეთში გამართულ „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-13 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა რუმინეთში გამართულ „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-13 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შედეგებისა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ.
საუბარი ასევე შეეხო მწვანე ენერგეტიკული დერეფნის ინიციატივისთვის ევროკავშირის ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.
სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ინიციატივით დაწყებული შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში, უზრუნველყოფს საქართველოს ფიზიკურ დაკავშირებას ევროპის ენერგეტიკულ ბაზართან და შექმნის დამატებით შესაძლებლობებს ქართული ელექტროენერგიის ექსპორტისთვის. ამასთან, პროექტი ხელს შეუწყობს ბაზრების დივერსიფიკაციას და საქართველოს, როგორც რეგიონული ენერგეტიკული ჰაბის, პოტენციალის გაძლიერებას
„დღეისათვის საქართველოს ელექტროენერგიის დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 5000 მგვტ-ს შეადგენს. ჩვენ გარდავქმენით ენერგეტიკული სექტორის განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს 2036 წლისთვის დადგმული სიმძლავრის 2,5-ჯერ გაზრდას, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი გენერაცია დაახლოებით 11,5 ათას მგვტ-ს მიაღწევს. ეს ნიშნავს, რომ ჩემმა ქვეყანამ ელექტროენერგიის გენერაციის სრული თვითკმარობა უნდა უზრუნველყოს, რათა სრულად დააკმაყოფილოს ქვეყნის შიდა მოხმარების საჭიროებები. ამ სულისკვეთებით, ჩემს ქვეყანას ექნება მეტი შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაშიც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, რომელიც ექსპორტის შესაძლებლობას ქმნის. ამასთანავე, მწვანე ენერგიის დერეფნის ერთობლივად უმნიშვნელოვანეს პროექტთან ერთად, ჩვენ ვირჩევთ ერთგულების კურსს და ინვესტიციებს ვდებთ ძირითად ინფრასტრუქტურაში. ჩვენ კვლავ ერთგულნი ვართ ამ გზისა და უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში საინვესტიციო ნაკადების მხარდაჭერას“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია ქვეყანაში ელექტროენერგიის გენერაციის ზრდის, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერებისა და სექტორის განვითარების მიზნით მიმდინარე რეფორმებისა და მსხვილი პროექტების შესახებ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად მინისტერიალში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტის მონაწილე ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები მონაწილეობდნენ, რომლებმაც პროექტის მიმდინარე სტატუსი, მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები განიხილეს.