მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში „თუმო ქუთაისის“ ცენტრი ოფიციალურად გახსნა

17:36, 08.10.2026

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში „თუმო ქუთაისის“ ცენტრი ოფიციალურად გახსნა.

სამინისტროს ინფორმაციით, მარიამ ქვრივიშვილი ცენტრში სასწავლო პროცესს გაეცნო და პირველი ნაკადის მოსწავლეებს შეხვდა, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ დაიწყეს სწავლა.

„თუმოს“ ცენტრი საქართველოში ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის ეკოსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია და საერთაშორისო აღიარების მქონე საგანმანათლებლო მოდელს წარმოადგენს, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ცენტრის მიერ შეთავაზებულ სასწავლო პროგრამებზე 1550-მდე მოსწავლეა დარეგისტრირებული. საწყის ეტაპზე კურსს 600 ახალგაზრდა უკვე შეუერთდა. პროგრამა ორიენტირებულია 12-18 წლის ახალგაზრდების ციფრული, ტექნოლოგიური და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე და მოიცავს მნიშვნელოვან მიმართულებებს, მათ შორის – პროგრამირებას, რობოტიკას, თამაშების შექმნას, ანიმაციას, გრაფიკულ დიზაინს, 3D მოდელირებას, ფოტოგრაფიას, კინოგადაღებას, მუსიკას, ხატვასა და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებს. სწავლების მოდელი ეფუძნება თვითმართვადი სწავლების პრინციპს და აერთიანებს ინტერაქტიულ სასწავლო მოდულებს, პრაქტიკულ სემინარებსა და ლაბორატორიებს, სადაც მონაწილეები ცოდნას რეალურ პროექტებზე მუშაობის პროცესში იძენენ.

„თუმო ქუთაისში“ სწავლა სრულად დაფინანსებულია, რაც ახალგაზრდებისთვის თანამედროვე საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი