მარიამ ქვრივიშვილი – ყაზახეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმება ორ ქვეყანას შორის არსებული სიღრმისეული თანამშრომლობის ლოგიკური გაგრძელებაა
ყაზახეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმება ძალიან ლოგიკური გაგრძელებაა იმ არსებული, სიღრმისეული ურთიერთობის და თანამშრომლობის, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას აქვს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
საქართველოსა და ყაზახეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც უპირობოდ გაზრდის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და კავშირებს, მათ შორის ტვირთნაკადების ზრდის თვალსაზრისით.
„ამ შეთანხმების საფუძველზე ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გაიზრდება საქართველოდან ექსპორტი ყაზახეთში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის ზრდას. ამავდროულად, აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, ვფიქრობთ, რომ ხელშესახები შედეგები გვექნება, მათ შორის, ტვირთნაკადების ზრდასთან მიმართებაში, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ძალიან დადებით, ხელშესახებ შედეგებს იქონიებს ყაზახეთიდან ტურისტული ნაკადების, ასევე ინვესტიციების ზრდის კუთხით.