მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრს, ნურლან საურანბაევს შეხვდა

19:20, 29.06.2026

ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრს, ნურლან საურანბაევს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე, სატრანსპორტო-ლოგისტიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. აქცენტი გაკეთდა რეგიონული და საერთაშორისო დაკავშირებადობის გაძლიერებაზე.

„შეხვედრის მთავარ განსახილველ თემას შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობისა და ეფექტიანობის ზრდა წარმოადგენდა. აღინიშნა, რომ შუა დერეფნის ფარგლებში კოორდინირებული მუშაობა და ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვა გადამწყვეტია  ტვირთების სწრაფი და შეუფერხებელი ტრანზიტისთვის.

ყურადღება გამახვილდა საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტზე. აღინიშნა, რომ პორტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის, ასევე შუა დერეფნის ყველა პარტნიორი ქვეყნისთვის.

მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სინქრონიზებული განვითარების აუცილებლობას. აღინიშნა, რომ ქართული მხარე საქართველოს რკინიგზის მოდერნიზებისთვის მნიშვნელოვან ინვესტირებას ახორციელებს, რაც გაზრდის გამტარუნარიანობას და ხელს შეუწყობს ტვირთნაკადების ეფექტურ გადაადგილებას.

შეხვედრაზე, ასევე, აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე სამოქალაქო ავიაციის სექტორში, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას.

შეხვედრის დასასრულს ქართულმა და ყაზახურმა მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, აქტიურად გააგრძელონ მუშაობა ორივე ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების უფრო ეფექტიანი ათვისებისთვის“, – ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი