მარიამ ქვრივიშვილი - უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიის, DAMAC Properties-ის დამფუძნებელთან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის საინვესტიციო შესაძლებლობები განვიხილეთ
მარიამ ქვრივიშვილი - უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიის, DAMAC Properties-ის დამფუძნებელთან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის საინვესტიციო შესაძლებლობები განვიხილეთ

დარწმუნებული ვარ, უმსხვილეს საინვესტიციო კომპანია DAMAC Properties-ისთან შეხვედრის შემდეგ გვექნება კიდევ ერთი, წარმატებით დასრულებული მოლაპარაკება, რომელიც დამატებით ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესა და DAMAC Properties-ის დამფუძნებლს, ჰუსეინ საჯვანს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

შეხვედრას, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი კორპორაციის დამფუძნებელთან, სადაც გვქონდა შესაძლებლობა, დეტალურად გვემსჯელა საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე. არაერთი სექტორი განვიხილეთ, სადაც  შესაძლებელია საქართველოში ინვესტიციის განხორციელება და დარწმუნებული ვარ, ამ შეხვედრის შემდეგ გვექნება კიდევ ერთი, წარმატებით დასრულებული მოლაპარაკება, რომელიც დამატებით ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, DAMAC Properties-ი უმსხვილესი მოთამაშეა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე როგორც დეველოპერულ, ისე სტუმარმასპინძლობის სექტორში.

DAMAC-ჯგუფი, რომელიც 15 ქვეყანაში ოპერირებს და დასაქმებული ჰყავს ოთხი ათასზე მეტი თანამშრომელი, ახლო აღმოსავლეთში სასტუმროებისა და უძრავი ქონების მოწინავე დეველოპერია და მისი წლიური შემოსავალი ოთხ მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.