მარიამ ქვრივიშვილი – სინგაპურის აეროპორტის ოპერატორ კომპანიაში დაგვიდასტურეს, რომ მონაწილეობას მიიღებენ ვაზიანის ახალი აეროპორტის ოპერატორის შესარჩევ ტენდერში
განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ სინგაპურის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორმა კომპანიამ, „ჩანგიმ“ დააფიქსირა ინტერესი საქართველოს საავიაციო ინდუსტრიის მიმართ და მათ დაგვიდასტურეს, რომ მონაწილეობას მიიღებენ იმ საერთაშორისო ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა გამოაცხადებს ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორის შესარჩევად, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სინგაპურში შეხვედრების შემდეგ გააკეთა, სადაც მინისტრი მთავრობის მეთაურთან ერთად იმყოფება.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, სინგაპურის ჩანგის აეროპორტის ოპერატორი კომპანიის ინტერესი ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი სიგნალია.
„ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური სიგნალია ჩვენი ქვეყნისთვის და საერთაშორისო საავიაციო ინდუსტრიისთვის, ყველა ინვესტორისთვის, რადგან ეს მკაფიოდ და ნათლად წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის საავიაციო და საინვესტიციო პოტენციალს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.