მარიამ ქვრივიშვილი - რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს სრულფასოვანი ინფორმაცია, რაოდენ მნიშვნელოვანია ენერგეტიკის დარგი ქვეყნის განვითარებისთვის
მარიამ ქვრივიშვილი - რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს სრულფასოვანი ინფორმაცია, რაოდენ მნიშვნელოვანია ენერგეტიკის დარგი ქვეყნის განვითარებისთვის

„ნამახვანჰესის“ გარშემო მიმდინარე პროცესს როდესაც თვალყურს ვადევნებთ, რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს სრულფასოვანი ინფორმაცია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ენერგეტიკის დარგის განვითარება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილის მოხსენებას მოუსმინეს.

მისივე თქმით, ჰიდროენერგეტიკის მნიშვნელობა, სათანადოდ უნდა იყოს განმარტებული ევროპული ქვეყნების მაგალითზე.

„ხომ არ ფიქრობთ, რომ ცნობიერების ასამაღლებლად ხელისუფლებამ უნდა აწარმოოს მძლავრი საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანია, რათა საზოგადოებამ გაიგოს, რა საფრთხეებისა და განვითარების ხელშემშლელი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჰიდროენერგეტიკის მნიშვნელობა, ვფიქრობ, სათანადოდ უნდა იყოს განმარტებული ევროპული ქვეყნების მაგალითზე, რომელთა ენერგეტიკულ პროფილშიც წყლის რესურსს საკვანძო მნიშვნელობა აქვს. მინდა გკითხოთ, რა გეგმა გაქვთ ამ კუთხით?“ – მიმართა დეპუტატმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს.

მარიამ ქვრივიშვილი ასევე, ტურიზმის განვითარებასა და ენერგეტიკას შორის კორელაციით დაინტერესდა.

„განვითარებული ქვეყნების მაგალითზე ვხედავთ, რომ ზაფხულში ელექტროენერგიის მაღალი მოხმარება უკავშირდება სწორედ ტურიზმს. ამ დროს ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა ინფორმაციას, სხვადასხვა შეხედულებას, მათ შორის, შეიძლება, ეს იყოს სპეკულაცია მედიის საშუალებით, რომ ჩვენ არ გვჭირდება ელექტროენერგიის გენერაციის განვითარება და უნდა მივხედოთ ტურიზმს. როგორ უპასუხებთ მსგავს შეხედულებებს და საინტერესოა, გვაქვს თუ არა რაიმე მაგალითი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, როდესაც იზრდება ტურიზმი და არ იზრდება დენის მოხმარება“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.