მარიამ ქვრივიშვილი - ჩვენ შევძელით და სრულად აღვადგინეთ მგზავრთნაკადი საქართველოს როგორც საერთაშორისო, ისე შიდა აეროპორტებში
მარიამ ქვრივიშვილი - ჩვენ შევძელით და სრულად აღვადგინეთ მგზავრთნაკადი საქართველოს როგორც საერთაშორისო, ისე შიდა აეროპორტებში

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ, მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებმა 2 500 000-მდე მგზავრს უმასპინძლა, შესაბამისად, იანვარ-ივნისში მათი მგზავრთნაკადის მონაცემები პანდემიამდელ ნიშნულს გაუთანაბრდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ქვეყნის აეროპორტებში არსებული პოზიტიური დინამიკა ამ კუთხით მთავრობის სწორი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შედეგია.

„ჩვენ შევძელით და საქართველოს აეროპორტებში სრულად აღვადგინეთ მგზავრთნაკადი, თუ მას 2019 წლის მონაცემებს შევადარებთ. დღესდღეობთ ჩვენ გვყავს 50-მდე საერთაშორისო პარტნიორი ავიაკომპანია, რომლებიც 60-ზე მეტი მიმართულებით ასრულებენ პირდაპირ საჰაერო მიმოსვლას საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა განაგრძობს, იყოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება საერთაშორისო მგზავრებისთვის, ტურისტებისთვის“, – აღნიშნავს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

სამინისტროს მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 566 251 მგზავრს მოემსახურა. ზრდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 35%-ს შეადგენს. ამასთან, აეროპორტი 84%-ით დაუბრუნდა 2019 წლის პირველ ექვს თვეში დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობრივ მაჩვენებელს. უწყების ცნობით, ანალოგიურად, პოზიტიური სურათია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სტატისტიკაშიც – გადაყვანილ იქნა 667 305 მგზავრი, ზრდა, 2022 წლის ორი კვარტლის ჯამურ მაჩვენებელთან შედარებით, 103%-ს შეადგენს. ამასთან, იანვარ-ივნისში მიღებულ მგზავრთა მაჩვენებელი 83%-ით აღემატება 2019 წლის პირველ ექვს თვეში მიღებული მგზავრების რაოდენობას. სამინისტროს ინფორმაციით, რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, ის 236 444 მგზავრს მოემსახურა. ზრდა, 2022 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, 9%-ია, ხოლო 2019 წლის პირველ ექვს თვესთან მიმართებაში აღდგენა 96%-ს შეადგენს.

უწყების განმარტებით, მგზავრთნაკადის ზრდის დადებითი დინამიკაა არა მარტო საერთაშორისო, არამედ ქვეყნის ადგილობრივი დანიშნულების – მესტიის, ამბროლაურისა და ნატახტარის აეროპორტებშიც.

„როგორც საერთაშორისო, ისე შიდა, ადგილობრივი აეროპორტების მგზავრთნაკადის ზრდა-გაუმჯობესების კუთხით არსებული ვითარება, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ქვეყანაში საავიაციო ინდუსტრიის, ისევე როგორც ტურიზმის სექტორის კიდევ უფრო გაძლიერებას“, – აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.