მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტთან, ხან ჭენგთან ერთად, საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტთან, ხან ჭენგთან ერთად, მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაში.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.
„2026 წლის იანვარ-სექტემბერში სავაჭრო ბრუნვამ 2.3 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა და 41%-ით გაიზარდა, რის მიხედვითაც, ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეორე ადგილზეა. მიუხედავად ამ დადებითი დინამიკის, მიგვაჩნია, რომ არსებობს სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ვაჭრობის გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი, რის რეალიზებაზეც ორივე მხარე აქტიურად ვმუშაობთ“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ შუა დერეფანი საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, როგორც ჩინეთსა და ევროპას შორის დამაკავშირებელი საიმედო, სატრანზიტო დერეფანი.
მარიამ ქვრივიშვილმა შუა დერეფნის კონტექსტში აქცენტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკვანძო როლზე გააკეთა.
ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ მხარეები ასევე აქტიურად მუშაობენ პეკინიდან, გუანგჭოუდან და ჩენგტუდან პირდაპირი ავიარეისების ამოქმედების შესაძლებლობებზე.
მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების საკითხზეც.
„2002 წლიდან დღემდე ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციებმა, ჯამში, მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. 2026 წლის პირველ ორ კვარტალში ჩინეთი გახდა საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა 236 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციით“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.