მარიამ ჯიშკარიანი - საჭიროა სააკაშვილის მკურნალობა და ვმსჯელობთ, როგორი ტაქტიკაა უპრიანი, რათა ალაგდეს ნევროლოგიური სიმპტომატიკა, პოსტტრავმული ნერვული აშლილობის სიმპტომები
მარიამ ჯიშკარიანი - საჭიროა სააკაშვილის მკურნალობა და ვმსჯელობთ, როგორი ტაქტიკაა უპრიანი, რათა ალაგდეს ნევროლოგიური სიმპტომატიკა, პოსტტრავმული ნერვული აშლილობის სიმპტომები

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში მოინახულა. ჯიშკარიანის თქმით, ის გაეცნო სამედიცინო ბარათებს, რომელიც სააკაშვილის მკურნალობის ტაქტიკას ეხება.

„მდგომარეობა არის ლაბილური, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ნევროლოგიურად. შესაბამისად, საჭიროა მკურნალობა და ჩვენ სწორედ ვმსჯელობდით, ვეცნობოდით სამედიცინო ბარათებსაც მკურნალობის ტაქტიკაზე, თუ როგორი ტაქტიკაა უპრიანი იმისთვის, რომ ალაგდეს ის ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომელიც კვლავ არსებობს და ასევე, ემოციური ლაბილობა, პოსტტრავმული ნერვული აშლილობის სიმპტომები, რომელიც კვლავ არსებობს და გარკვეულად, საკმაოდ მწვავეა“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

ჟურნალისტებთან მარიამ ჯიშკარიანმა კიდევ ერთხელ ისაუბრა სააკაშვილისთვის დანიშნული ფსიქოტროპული მედიკამენტების შესახებ.

„ეს პრეპარატები არის დანიშნული საკმაო დოზირებით. ამ შემთხვევაში, საჭიროებას არ წარმოადგენდა ამ პრეპარატების დანიშვნა და ამ პრეპარატებმა გამოიწვია სწორედ ის მდგომარეობა, როდესაც უკრაინელი ადვოკატი ამბობდა, მიხეილ სააკაშვილი ვერც კი იცნო, ის იმდენად შეცვლილი იყო. პრეპარატის მოხსნის შემდეგ და მკურნალობის ტაქტიკის შეცვლის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, მან შეძლო სასამართლო პროცესებში მონაწილეობა, ამ დროისთვის კოგნიტიური ფუნქციის თვალსაზრისით შეცვლილი არანაირი პრობლემები არ არის, თუმცა რჩება ემოციური ლაბილობა, რაც დაკავშირებულია შიმშილობის შედეგებთან“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

ჯიშკარიანმა მედიას განუცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ არ იძლევა საშუალებას, ის გადაყვანილი იყოს საპყრობილეში.

​„ჯერჯერობით, ნამდვილად არ იძლევა ამის შესაძლებლობას. ჩვენ სწორედ განვიხილავდით მუტლიფუნქციური მკურნალობის კურსს აქ, გარდა იმისა, მულტიპროფილური და მულტიდისიპლინური მკურნალობა ნეიროფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ასევე საჭიროა მომდევნო ნეირორებილიტაცია, რომელიც მე არ ვიცი, საქართველოში საერთოდ სად ტარდება“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.