მარიამ ჯიშკარიანი - სააკაშვილის საქართველოს ციხეთა სისტემაში ყოფნა შეუთავსებელია, კომპლექსური წამებისა და არასათანადო მოპყრობიდან გამომდინარე
მარიამ ჯიშკარიანი - სააკაშვილის საქართველოს ციხეთა სისტემაში ყოფნა შეუთავსებელია, კომპლექსური წამებისა და არასათანადო მოპყრობიდან გამომდინარე

ციხეთა სისტემაში მოხდა მიხეილ სააკაშვილის წამება, რასაც მოჰყვა ფსიქოლოგიური შედეგები, ასევე შიმშილობის გახანგრძლივება. შიმშილობის გახანგრძლივებას მოჰყვა ენცეფალოპათია, რაც საკმაოდ მძიმე დიაგნოზია. ეს საჭიროებს ხანგრძლივ სტაციონალურ მკურნალობას და რეაბილიტაციას, – ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში მულტიპროფილური რეაბილიტაცია ამ მიმართულებით ნაკლებად ტარდება.

„საქართველოში სამწუხაროდ მულტიპროფილური რეაბილიტაცია ამ მიმართულებით ნაკლებად ტარდება. ჩვენ ვსაუბრობთ რომ შეუთავსებელია მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ციხეთა სისტემაში ყოფნა კომპლექსური წამებისა და არასათანადო მოპყრობიდან გამომდინარე. შესაბამისად, ადამიანის ევროპული სასამართლო თვითონ გადაწყვეტს, რა გადაწყვეტილება მიიღოს. არსებობს ასეთი საქმე, მაგალითად, ნავალნი რუსეთის წინააღმდეგ, სადაც მიიღო გადაწყვეტილება, გაათავისუფლოს პატიმარი“, – აღნიშნა მარიამ ჯიშკარიანმა.

ამასთან, მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს სრულიად გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და სასამართლო პროცესში მონაწილეობას თავად ის წყვეტს.

„თვითონ მიხეილ სააკაშვილს სურს, მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში“, – დასძინა მარიამ ჯიშკარიანმა.

ამასთან, ჯიშკარიანის განმარტებით, მკურნალობასთან და დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები აქვთ.

„გავაცანით უკვე ეს შენიშვნები და რეკომენდაციები. ეს არის დანიშნულებასთან, ასევე დიაგნოსტიკას თანდაკავშირებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია თავის ტვინის ელექტრო ენცეფოლოგრამა. ანალიზის პასუხები ჩვენ კომპეტენციაში ჯერჯერობით არ შედის. ანალიზის პასუხებს გავეცნობით მას შემდეგ, რაც გვექნება სამედიცინო დოკუმენტაცია. სამწუხაროდ, ადვოკატების არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, სამედიცინო დოკუმენტაცია ჩვენამდე არ მოსულა. ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა თვითონ გამოითხოვა დღეს თავისი სამედიცინო დოკუმენტაცია“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა, რომელმაც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.