მარიამ ჯაში - მე-11 და მე-12 კლასის გამოცდები კანონის დონეზე გაუქმებულია
მარიამ ჯაში - მე-11 და მე-12 კლასის გამოცდები კანონის დონეზე გაუქმებულია

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ყველაფერი გააკეთეს კენჭისყრა არ ჩატარებულიყო, პროცედურული ომი დასრულებულია და „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტი მხარდაჭერილი.

როგორც ჟურნალისტებს ჯაშმა განუცხადა, საატესტატო და ეროვნულ გამოცდებს შორის დუბლირება აღმოფხვრილია, მე-11 და მე-12 კლასის გამოცდები კანონის დონეზე გაუქმებულია.

„მოსწავლეებს საინტერესო და შემოქმედებითი სასწავლო გარემო სჭირდებათ და ამ გარემოთი უნდა უზრუნველვყოთ, მათი დაინტერესება და არა ხისტი საგამოცდო სისტემით, რომელიც ხარისხობრივად სასწავლო პროცესს არ აუმჯობესებს“, – განაცხადა ჯაშმა.

საქართველოს პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დღეს დაამტკიცა, რომლის გათვალისწინებითაც,  სკოლებში გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება. დეპუტატებმა ცვლილებებს კენჭი უყარეს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე,  კანონპროექტს 80 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რვა წინააღმდეგ წავიდა.

კანონპროექტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განმეორებით კენჭისყრაზე დადგა, რადგან 5 აპრილის  პლენარულ სხდომაზე დამტკიცებისთვის ხმები არ ეყო და ცვლილებები კენჭისყრის შედეგად ჩავარდა.

მმართველი გუნდი აღნიშნულის მიზეზად ტექნიკურ პრობლემას ასახელებდა.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, უქმდება სკოლის გამოსაშვები გამოცდები. გარდა ამისა, სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს. კერძოდ, საუბარია იმ პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში. ასევე, პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მოპოვებისთვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება ვერ დააგროვეს.