მარიამ ჯაში - ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნაზე საბოლოო გადაწყვეტილებისთვის დამატებითი განხილვები მჭირდება
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, რომ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებისთვის მას დამატებითი განხილვები სჭირდება.
„ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება ნაკარნახევი პოლიტიკური კუთვნილებით, ეს შემიძლია საზოგადოებას დავუდასტურო. ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული განხილვებზე, რომელიც წარიმართება პლენარული სესიის დროს, ჩვენ გვაქვს პროკურატურის პოზიცია, მნიშვნელოვანი იქნება ნიკა მელიას განცხადება და გარკვეული პასუხების მოსმენა, კადრებში იკვეთება გარკვეული მოწოდებები. ამდენად, როგორც კოლეგა დეპუტატმა, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, მინდა, მოვისმინო მისგან შესაბამისი გადაწყვეტილება. ამდენად, გადაწყვეტილებას მივიღებ მოსმენის შემდეგ.
კადრებში იკვეთება გარკვეული ნიშნები, მაგრამ იმისთვის, რომ მივიღოო საბოლოო გადაწყვეტილება, მჭირდება დამატებითი განხილვები. ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული, ყველაფერი დამოკიდებული იქნება სესიაზე“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
საპროცედურო და იურიდიულმა კომიტეტებმა თანხმობა განაცხადეს, რომ პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ნიკა მელიას საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.