მარიამ ბოლქვაძემ ავსტრალიის ღიას კვალიფიკაცია მოგებით დაიწყო
მარიამ ბოლქვაძემ ავსტრალიის ღიას კვალიფიკაცია მოგებით დაიწყო

მსოფლიოს 192-ე ჩოგანმა მარიამ ბოლქვაძემ წარმატებით დაიწყო გამოსვლა ავსტრალიის ღია პირველობის კვალიფიკაციაში. ქართველმა ჩოგბურთელმა ორ სეტში აჯობა ინდოელ კარმან კაუნ ტანდის, რომელიც მსოფლიოს კლასიფიკაციაში 626-ე ჩოგანია – 7:6(4), 7:6(4). მატჩი ორი საათი და 31 წუთი გაგრძელდა.

პირველ სეტში ბოლქვაძე სამჯერ იგებდა ბრეიკით და მისმა მეტოქემ სამივეჯერ შეძლო ანგარიშის გათანაბრება. დაინიშნა ტაი-ბრეიკი, რომლის პირველ ცხრა გათამაშებაში ჩოგბურთელები ერთმანეთის მოწოდებებს იღებდნენ. 5:4-ზე ბოლქვაძემ თავის მოწოდებაზე ზედიზედ ორი ქულა აიღო და პირველი სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მეორე სეტში უკვე ქართველ ჩოგბურთელს მოუწია გადარჩენაზე ზრუნვა – 5:4-ზე და 6:5-ზე ინდოელი ორჯერ აწვდიდა სეტზე, მაგრამ ბოლქვაძე გამოვიდა რთული მდგომარეობიდან და მეტოქეებს მეორე ტაი-ბრეიკის თამაში მოუწიათ. 4:4-ზე ქართველმა ზედიზედ სამი ქულა აიღო და კვალიფიკაციის ნახევარფინალში გავიდა.

ბოლქვაძის მეორე მეტოქე რუსი მარგარიტია გასპარიანი იქნება, რომელმაც სამ სეტში მოუგო იტალიელ დი ჯუზეპეს.

რაც შეეხება ეკატერინე გორგოძეს, მან ვერ შეძლო კვალიფიკაციის პირველი ბარიერის გადალახვა – 3:6, 3:6 წააგო ხორვატ იანა ფეტთან. აღსანიშნავია, რომ გორგოძეს უფრო მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა – 13 11-ის წინააღმდეგ, მაგრამ ხორვატმა შვიდი ბრეიკი შეასრულა, გორგოძემ – ოთხი.