მარია ზახაროვა - ნატო-სა და აშშ-ში აღარ მალავენ, რომ წვრთნების, „ევროპის დამცველი 2020“-ის ფარგლებში პოტენციური მოწინააღმდეგე რუსეთია
მარია ზახაროვა - ნატო-სა და აშშ-ში აღარ მალავენ, რომ წვრთნების, „ევროპის დამცველი 2020“-ის ფარგლებში პოტენციური მოწინააღმდეგე რუსეთია

ნატო-ს სამხედრო წვრთნების, „ევროპის დამცველი 2020“-თან დაკავშირებულ აგრესიულ განზრახვებს რუსეთი თავის სამხედრო მშენებლობაში გაითვალისწინებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

ზახაროვას თქმით, არც ნატო-ში და არც აშშ-ში აღარ მალავენ, რომ წვრთნების ფარგლებში პოტენციური მოწინააღმდეგე რუსეთია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ამის მტკიცებულება 5 მარტს აშშ-ის თავდაცვის მდივნის, მარკ ესპერის მიერ გაკეთებული განცხადებაა, რომელმაც თქვა, რომ ნატო-ს სამხედრო წვრთნების მიზანია, რუსეთს გაუგზავნონ სიგნალი, რომ შეცვალოს „ცუდი ქცევა“.

ზახაროვამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ფართომასშტაბიანი მანევრების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს იმ დროს, როდესაც რუსეთი დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლის იუბილეს აღნიშნავს.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ასევე თქვა, რომ როგორც ნაცისტური გერმანია იყენებდა საბჭოთა კავშირის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებს, მსგავს თეზისებს ახლა ვაშინგტონში იყენებენ და რუსეთზე ზეწოლას ცდილობენ.

ნატო-ს საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების მიზნით დაგეგმილი მასშტაბური სამხედრო წვრთნების დროს, ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად, ევროპის კონტინენტზე ამერიკელი ჯარისკაცების ყველაზე მასშტაბური გადასროლა მოხდება. წვრთნები ევროპაში 20 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნას ითვალისწინებს. მათ შორისაა საზღვაო ქვეითები, სამხედრო-საჰაერო ძალები, ეროვნული გვარდიის ნაწილები და სარეზერვო დანაყოფები. ყველაზე დიდი კონტიგენტი პოლონეთში განთავსდება. საერთო ჯამში, სამხედრო სწავლებაში 18 ქვეყნის 37 000 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. გამოცემა „არმი თაიმსი“ წერს, რომ სამხედრო სწავლების ფარგლებში, ამერიკელები საქართველოში მრავალეროვნულ საპარაშუტო ხტომას დააკვირდებიან. სამხედრო სწავლება „ევროპის დამცველი 2020“ ივნისში დასრულდება.