მარია ზახაროვა - ძმური სიყვარულის და შერიგების შესახებ ლამაზი დეკლარაციებიდან მუდმივად გამოსჭვივის მტრული განწყობა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას თქმით, მოსკოვი თბილისთან რუსეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების მიღმა არსებულ საკითხებს ვერ განიხილავს, – ეს განცხადება ზახაროვამ ტელეკომპანია „დოჟდთან“ ინტერვიუში გააკეთა, როდესაც რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 9 მარტს გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარი სთხოვეს.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვცადეთ აგვეხსნა, რომ მოსკოვი ვერ ისაუბრებს თბილისთან იმ საკითხებზე, რომლებიც რუსეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგს ცდება სწორედ ასეთი იყო ტატუნაშვილის ინციდენტი – საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე. ქართულ მხარეს რეკომენდაციით მივმართეთ, ეს საკითხი „სამხრეთ ოსეთის“ მხარესთან განეხილა“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.
ზახაროვას თქმით, საქართველო უცხოელი პარტნიორებს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ბლოკადისკენ მუდმივად უბიძგებს.
„ძმური სიყვარულის და შერიგების შესახებ ლამაზი დეკლარაციებიდან მუდმივად გამოსჭვივის მტრული განწყობა. საქართველო აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დემოკრატიულად არჩეული მთავრობის საოკუპაციო რეჟიმებად მოხსენიებას. ის უბიძგებს უცხოელ პარტნიორებს რესპუბლიკების ბლოკადისკენ“, – აღნიშნავს ზახაროვა.
ზახაროვა ასევე გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.
რუსი დიპლომატის თქმით, ეს დოკუმენტი აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებისთვის მიუღებელია.
„აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში განსაკუთრებით არის ხაზგასმული, რომ საქართველოს მიერ წარმოებულ საშეღავათო პროცესებში მონაწილეობა არ ნიშნავს, რომ აფხაზები და ოსები იძულებულები იქნებიან, საქართველოს მოქალაქეობა მიიღონ. ამ ჩანაწერით საქართველომ როგორც იქნა აღიარა თვალსაჩინო ფაქტი: აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ მცხოვრებლები საკუთარ თავს საქართველოს მოქალაქეებად არ თვლიან და არც სურთ საქართველოს მოქალაქეობის მიღება. ამის აღიარება იმედს გვიტოვებს, რომ თბილისი დროთა განმავლობაში შეძლებს პოლიტიკური რეალობის გაცნობიერებას და მიღებას. რაც უფრო მალე მიხვდებიან ამას თბილისში, მით უკეთესი იქნება რეგიონის ყველა ქვეყნისთვის“, – აცხადებს მარია ზახაროვა.