მარია ზახაროვა აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის მიერ გოლანის სიმაღლეების ისრაელისადმი მიკუთვნება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა
დონალდ ტრამპის მიერ გოლანის სიმაღლეების ისრაელისადმი მიკუთვნება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა.
მარია ზახაროვას თქმით, ისრაელის სურვილი, რომ თავისი სუვერენიტეტი გოლანის სიმაღლეებზე გაავრცელოს, უკანონოა, რადგან აღნიშნული ტერიტორიის მფლობელობის საკითხი გაერო-ს უშიშროების საბჭოს 1981 წლის რეზოლუციით არის განსაზღვრული.
დონალდ ტრამპის მიერ 21 მარტს გაკეთებულ განცხადებას უკანონო და მიუღებელი უწოდა ირანის ხელისუფლებამ. გოლანის სიმაღლეებზე აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება გააკრიტიკეს თურქეთის მთავრობაშიც. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, აშშ-ის მცდელობა, რომ საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ ისრაელის ქმედებების ლეგიტიმაცია მოახდინოს, რეგიონში ძალადობის მიზეზი გახდება.
აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ 52 წლის შემდეგ, დროა ვაშინგტონმა გოლანის სიმაღლეებზე ისრაელის სუვერენიტეტი სრულად აღიაროს.