მარია ზახაროვა აცხადებს, რომ ბერლინში მოკლულ ზელიმხან ხანგოშვილზე ძებნა იყო გამოცხადებული
მარია ზახაროვა აცხადებს, რომ ბერლინში მოკლულ ზელიმხან ხანგოშვილზე ძებნა იყო გამოცხადებული

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ ბერლინში მოკლულ საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილზე ძებნა იყო გამოცხადებული.

აღნიშნული განცხადება მარია ზახაროვამ ყოველკვირეულ ბრიფინგზე ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად გააკეთა. შეკითხვა ეხებოდა გერმანიის მთავრობის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთს ზელიმხან ხანგოშვილის ექსტრადირების თხოვნით ბერლინისთვის არ მიუმართავს.

„მე დავაზუსტე, რომ ეს ადამიანი იძებნებოდა. ძებნის გაფორმების პროცედურის, მონაცემთა ბაზებში შესაბამისი ინფორმაციის დადგენილების შესახებ ყველა დეტალთან დაკავშირებით სამართალდამცველ ორგანოებს მიმართეთ. კიდევ ერთხელ მსურს ვთქვა, რომ ჩემი მონაცემებით, რომლებიც გუშინ ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებთან გადავამოწმე, ის ძებნაში იმყოფებოდა. მგონია, რომ გერმანიისა და რუსეთის შესაბამის სტრუქტურებსა და უწყებებს შორის ურთიერთობა უნდა ხდებოდეს არა საჯარო სფეროში, არამედ სამუშაო კონტაქტების დონეზე. ამისთვის არსებობს ყველა მექანიზმი და შესაძლებლობა, რომ ეს საკითხები მშვიდად მოგვარდეს. ახლა, სამწუხაროდ, უმეტეს წილად ეს საჯარო სფეროს საკითხია, რაც, ჩემი აზრით, საქმეს არ მატებს კონსტრუქციულობას“, – განაცხადა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში აგვისტოში მოკლეს. დაკავებული მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქეა. გერმანიის პროკურატურა ვარაუდობს, რომ მკვლელობის უკან რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურები დგას.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საკითხი გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარიზში, ნორმანდიული სამიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრაზეც განიხილეს. მოგვიანებით, ერთობლივ პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვაზე პასუხად ანგელა მერკელმა იმედი გამოთქვა, რომ რუსული მხარე გამოძიებასთან ითანამშრომლებს.

ვლადიმირ პუტინმა კი ზელიმხან ხანგოშვილი მკვლელად და მოსკოვის მეტროში განხორციელებული ტერაქტის ერთ-ერთ ორგანიზატორად მოიხსენია, ასევე განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ მისი გადაცემის საკითხი არაერთხელ დააყენა. თუმცა მოგვიანებით, გერმანიის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფან ზეიბერტმა განაცხადა, რომ მოსკოვს ზელიმხან ხანგოშვილის ექსტრადირების თხოვნით ბერლინისთვის არ მიუმართავს.

დატოვე კომენტარი