მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი - ყველაფერი კარგად მიდის, საქართველო ემზადება პირველი მნიშვნელოვანი ვალდებულების შესასრულებლად, რაც ევროპის საბჭოში თავმჯდომარეობას გულისხმობს
მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი - ყველაფერი კარგად მიდის, საქართველო ემზადება პირველი მნიშვნელოვანი ვალდებულების შესასრულებლად, რაც ევროპის საბჭოში თავმჯდომარეობას გულისხმობს

ვფიქრობ, ყველაფერი კარგად მიდის და საქართველო ემზადება პირველი მნიშვნელოვანი ვალდებულების შესასრულებლად, რაც ევროპის საბჭოს კომიტეტში თავმჯდომარეობას გულისხმობს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ​

როგორც ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საქართველოში მისი პირველი ვიზიტი ემთხვევა ორ მნიშვნელოვან თარიღს, პირველი ეს არის ევროპის საბჭოს დაფუძნების 70-ე იუბილეს, მეორე – საქართველო წელს ამ ორგანიზაციაში ყოფნის 20 წლის იუბილეს აღნიშნავს.

„ამ ორგანიზაციის მიზანია, წევრი ქვეყნების ერთიანობის შენარჩუნება და მშვიდობის უზრუნველყოფა მაღალი სტანდარტების დანერგვით, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის სფეროსა და კანონის უზენაესობის კუთხით. საქართველო წელს ამ ორგანიზაციაში ყოფნის 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად მიდის და საქართველო ემზადება პირველი მნიშვნელოვანი ვალდებულების შესასრულებლად, რაც ევროპის საბჭოს კომიტეტში თავმჯდომარეობას გულისხმობს. ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანია, მომზადება საქართველოს თავმჯდომარეობისთვის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში და ეს ვადა 27 ნოემბრიდან დაიწყება. მინდა, მადლობა გადავუხადო მინისტრს შესანიშნავი მასპინძლობისთვის და იმ მოსამზადებელი სამუშაოებისთვის, რომელიც საქართველომ განახორციელა“, – განაცხადა მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩმა.

მისივე თქმით, ევროპის საბჭო საქართველოსთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს განიხილავს, მათ შორის, სიტუაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„როგორც მინისტრმა განაცხდა, ჩვენ ყოველ ექვს თვეში ერთხელ გვაქვს კონსოლიდირებული ანგარიში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ამ კუთხით ჩვენ სიტუაციის მონიტორინგს ვაგრძელებთ. აქვე შემიძლია გამოვხატო ჩემი შეშფოთება უსაფრთხოების კუთხით ზოგიერთ საკითხთან და ამ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვა ხელს შეუწყობს სიტუაციის დამშვიდებასა და ამ სიტუაციის მშვიდობიანი გზით გადაჭრას. ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ევროპისთვისაც“, – განაცხადა მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩმა.

27 ნოემბრიდან საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ექვსი თვით გახდება.