მარია მალმერ სტენერგარდი - უნგრეთის ქმედებები ევროპის სირცხვილია, ველოდები, რომ ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა მხარს დაუჭერს უკრაინას და გაზრდის რუსეთზე ზეწოლას
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია მალმერ სტენერგარდმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტის დაბლოკვასთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიცია გააკრიტიკა.
მარია მალმერ სტენერგარდმა ბუდაპეშტის ქმედებებს „სირცხვილი“ უწოდა.
„ეს ევროპის სირცხვილია და მე ველოდები, რომ ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა გააკეთებს იმას, რაც ახლა აუცილებელია. ვგულისხმობ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერის და რუსეთზე ზეწოლის გაზრდას“, – განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, მარია მალმერ სტენერგარდმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი, რათა სანქციების პაკეტის განბლოკვის მიზნით უნგრეთსა და სლოვაკეთზე ზეწოლა მოახდინოს.
„ჩვენ უნდა გამოვიყენოთ არსებული ყველა პოლიტიკური ბერკეტი უნგრეთსა და სლოვაკეთზე ზეწოლის გაზრდის მიზნით, რათა მათ სანქციების ბლოკირება შეწყვიტონ“, – განაცხადა სტენერგარდმა.