მარგუს ცაჰკნა - „ქართულმა ოცნებამ“ მოატყუა ქართველი ხალხი, ვერ ვხედავ, რომ არსებობს ევროკავშირისკენ სვლის გაგრძელების რეალური სურვილი
მარგუს ცაჰკნა - „ქართულმა ოცნებამ“ მოატყუა ქართველი ხალხი, ვერ ვხედავ, რომ არსებობს ევროკავშირისკენ სვლის გაგრძელების რეალური სურვილი

„ქართულმა ოცნებამ“ მოატყუა ქართველი ხალხი, ვერ ვხედავ, რომ არსებობს ევროკავშირისკენ სვლის გაგრძელების რეალური სურვილი, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„გულწრფელად ვიტყვი, რომ საქართველოს მთავრობამ და „ქართულმა ოცნებამ“ მოატყუეს ქართველი ხალხი და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ვერ ვხედავ, რომ არსებობს ევროკავშირისკენ სვლის გაგრძელების რეალური სურვილი, პირიქით. ევროკავშირმა ზაფხულში მიიღო გადაწყვეტილება ამ პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, ასევე დაფინანსების შეჩერებასთან დაკავშირებით. საბჭოს მომდევნო შეხვედრაზე ვაპირებთ, განვიხილოთ საქართველოში არსებული ვითარება და ის ზომები, თუ რისი მიღება შეუძლია ევროკავშირს. საუბარია ვიზალიბერალიზაციაზე, სავიზო აკრძალვებზე, მოგზაურობის შეზღუდვაზე მაღალი თანამდებობის პირებისთვის. ჩვენ უკვე შევაჩერეთ მთავრობის მხარდასაჭერი დაფინანსება. ეს ძალიან ნათელია. ასე რომ, აღარ მჯერა ამ ტყუილების.

ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ გადაწყვიტეს, რომ დაეწესებინათ სანქციები. გუშინ ესტონეთმა სანქციები 11 პირს დაუწესა, ივანიშვილის თაოსნობით. ეს ეხება დარღვევებს, რასაც ვხედავთ ქუჩებში, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს იმ გზაზე, რაც მათ გადაწყვიტეს. არ ვფიქრობ, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი. საქართველოს პრეზიდენტმა ძალიან ნათლად განაცხადა და ახლა ჩვენ ვხედავთ დემონსტრაციებს, მშვიდობიან დემონსტრაციებს საქართველოში. ასე რომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს“, – აღნიშნა მარგუს ცაჰკნამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა ევროკავშირი სანქციები დაუწესოს საქართველოს მთავრობის კონკრეტული მაღალჩინოსნებს, ცაჰკნამ აღნიშნა, რომ ყველაფრის შესაძლებლობა არსებობს.

„რა თქმა უნდა, ყველა შესაძლებლობა არსებობს. ჩვენ კარგად ვიცით „ქართული ოცნების“, საქართველოს მთავრობის შესახებ, ნათელია, რომ მათ მოატყუეს საკუთარ ხალხი, ევროკავშირი. ევროკავშირმა შეასრულა ყველა დაპირება და შეთანხმება, რაც ჩვენი მხრიდან გავეცით და ცხადია, იქნება შედეგები. ჩვენ ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს, რომელიც ქუჩაშია გამოსული და საკუთარი უფლებებისთვის იბრძვის. თუმცა, ეს აშკარაა ევროკავშირისთვის. მათ ზაფხულში შეაჩერეს პროცესი. „ქართული ოცნების“ ლიდერებმაც კი მკაფიო გზავნილები გააკეთეს, რომ მათაც არ აქვთ გაგრძელების შესაძლებლობა, სამწუხაროდ. ერთი რამ უეჭველია, ესტონეთი ქართველი ხალხის საუკეთესო მეგობარია. ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვიყავით და მხარს ვუჭერდით“, – განაცხადა ცაჰკნამ.