მარგუს ცაჰკნა - მიუღებელია სლოვაკეთისგან ზამთარში ელექტროენერგიის გადაუდებელი მიწოდების შეწყვეტა, უკრაინა თითქმის სამი წელია, იბრძვის არა მხოლოდ თავისი სუვერენიტეტისთვის, არამედ მსოფლიოსთვის
მარგუს ცაჰკნა - მიუღებელია სლოვაკეთისგან ზამთარში ელექტროენერგიის გადაუდებელი მიწოდების შეწყვეტა, უკრაინა თითქმის სამი წელია, იბრძვის არა მხოლოდ თავისი სუვერენიტეტისთვის, არამედ მსოფლიოსთვის

სრულიად მიუღებელია სლოვაკეთის მიერ ზამთარში ელექტროენერგიის გადაუდებელი მიწოდების შეწყვეტა. უკრაინა თითქმის სამი წელია, იბრძვის არა მხოლოდ თავისი სუვერენიტეტისთვის, არამედ უსაფრთხოებისთვის მთელი ევროპისა და მსოფლიოსთვის, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.

„რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულებისგან გათავისუფლება ყველა სახელმწიფოს ინტერესებში შედის, რადგან რუსეთი მიჩვეულია ენერგოექსპორტის იარაღად გამოყენებას“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, რუსეთი ავლენს თავის ნამდვილ ბუნებას იმით, რომ პირველი იანვრიდან დნესტრისპირეთის მცხოვრებლებს გაზის მიწოდების შეწყვეტითა და ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დატოვებით ემუქრება.

„ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სრულიად მიუღებელია სლოვაკეთის მიერ ზამთარში ელექტროენერგიის გადაუდებელი მიწოდების შეწყვეტა. უკრაინა თითქმის სამი წელია, იბრძვის არა მხოლოდ თავისი სუვერენიტეტისთვის, არამედ უსაფრთხოებისთვის მთელი ევროპისა და მსოფლიოსთვის. დღევანდელ ვითარებაში ერთადერთი სწორი მიდგომაა უკრაინის ყოვლისმომცველი მხარდაჭერა და არა ჩვენი ქმედებებით უკრაინელების ტანჯვის გაზრდა“, – აღნიშნა ცაჰკნამ.

სლოვაკეთსა და უკრაინას შორის უთანხმოება კიევის გადაწყვეტილების გამოა, შეწყვიტოს რუსული გაზის ტრანზიტი მომავალი წლიდან. სლოვაკეთის პრემიერის თქმით, მას შემდეგ რაც 2025 წლის პირველი იანვრიდან რუსული გაზის უკრაინით ტრანზიტი შეწყდება, სლოვაკეთი შესაძლო საპასუხო ზომებზე დაფიქრდება და საჭიროების შემთხვევაში, ბრატისლავა უკრაინაში ელექტროენერგიის მიწოდებას შეწყვეტს ან მოქმედების სხვა ვარიანტზე შეჯერდება. სლოვაკეთის პრემიერის მხრიდან ელექტროენერგიის მიწოდების შესაძლო შეწყვეტის მუქარაზე საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ „როგორც ჩანს, პუტინმა ფიცოს ბრძანება მისცა, უკრაინის წინააღმდეგ, სლოვაკეთის ხალხის ინტერესების ხარჯზე, გაეხსნა მეორე ენერგეტიკული ფრონტი“.