მარგუს ცაჰკნა - ევროპამ უნდა გაზარდოს უკრაინის სამხედრო დახმარება, რათა უკრაინამ გააგრძელოს ბრძოლა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის
მარგუს ცაჰკნა - ევროპამ უნდა გაზარდოს უკრაინის სამხედრო დახმარება, რათა უკრაინამ გააგრძელოს ბრძოლა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის

აშშ-ის გადაწყვეტილება, შეაჩეროს უკრაინის სამხედრო დახმარება, ნიშნავს, რომ ევროპამ უნდა გაზარდოს და დააჩქაროს უკრაინის დახმარება, რათა ხარვეზი შეავსოს, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.

„ევროპამ უნდა გაზარდოს უკრაინის სამხედრო დახმარება, რათა უკრაინამ გააგრძელოს ბრძოლა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის“, – განაცხადა ცაჰკნამ.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ესტონეთმა გადაწყვიტა, რომ მიმდინარე წელს უკრაინის დახმარება 25%-ით გაზარდოს და ამასთან, 10 000 საარტილერიო ჭურვი გადასცეს.

„ჩვენი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ შესაძლებელია, ახალი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება უკრაინის დასახმარებლად და მოვუწოდებთ უკრაინის ყველა მხარდამჭერს, რაც შეიძლება, მალე გაზარდონ დახმარება“, – განაცხადა ცაჰკნამ.

მისივე თქმით, უკრაინის დასახმარებლად დამატებითი რესურსების მოპოვების ერთ-ერთი გზა რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენებაა.

„პრეტენზია, რომ არ არსებობს რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების სამართლებრივი გზები, უსაფუძვლოა. გასულ კვირას მე გავუზიარე დოკუმენტის პროექტი ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომელშიც შევთავაზე მკაფიო გზა გაყინული აქტივების გამოყენებისთვის. ომის ერთადერთმა დამნაშავემ უნდა იგრძნოს ზეწოლა და აგრესიის მსხვერპლს უნდა ჰქონდეს ძლიერი მხარდაჭერა, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რაც აიძულებს რუსეთს, დათმოს თავისი მიზნები და მივაღწიოთ გრძელვადიან მშვიდობას უკრაინაში“, – განაცხადა ცაჰკნამ.