მარგუს ცაჰკნა – დასავლეთს სჭირდება უკრაინა, როგორც ევროპის უდიდესი სამხედრო ძალა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, დასავლეთს სჭირდება უკრაინა, როგორც ევროპის უდიდესი სამხედრო ძალა.
მისივე თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას შეუძლია შეაჩეროს ის, რაც 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმით დაიწყო, შემდეგ კი 2014 და 2022 წლებში უკრაინაზე თავდასხმით გაგრძელდა.
„ჩვენ უნდა მივცეთ ან შევუქმნათ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები. თუმცა, ჩვენი რეგიონის გადმოსახედიდან, ჩვენ თავადაც გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისგან, რადგან უკრაინა ამჟამად უდიდესი სამხედრო ძალაა, რომელიც რეალურად იბრძვის და აქვს პოლიტიკური ნება, დაიცვას საკუთარი თავისუფლება. მაშფოთებს ის, რომ ჩვენ მშვიდობისთვის მზად არ ვართ. მე უკრაინაზე არ ვსაუბრობ. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ მზად არ ვართ, გავწიოთ ძალისხმევა, რათა მომავალში ევროპაში ეს თავისუფლება უზრუნველვყოთ. სწორედ ამიტომ უკრაინის ნატო-სა და ევროკავშირში მიღებას შეუძლია შეაჩეროს ის პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო, როდესაც პუტინი საქართველოს დაესხა თავს“, – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე.
ამასთან, მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები მზად უნდა იყვნენ, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გამავალი „წითელი ხაზის” დასაცავად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინა ხაზის ამ მხარეს დარჩეს, რათა რუსეთსა და ნატო-ს შორის აღარ არსებობდეს „რუხი ზონები“ ან ნეიტრალური ტერიტორიები.
მან ასევე მოუწოდა დასავლეთს, შეწყვიტოს უკრაინაში მიმდინარე ომის ისე აღქმა, თითქოს ეს სამხედრო ფილმი იყოს, იმ იმედით, რომ ის ოდესმე დასრულდება და შემდეგ კომედია დაიწყება.
„ეს ფილმი არ არის, ეს რეალობაა“, – აღნიშნა ცაჰკნამ.