მარცხი პორტუგალიასთან - 21-წლამდე ნაკრებში საზონოვმა სადებიუტო მატჩი ჩაატარა #1TVSPORT
მარცხი პორტუგალიასთან - 21-წლამდე ნაკრებში საზონოვმა სადებიუტო მატჩი ჩაატარა #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, რომელიც ევრო 2023-ისთვის ემზადება, მორიგი საკონტროლო მატჩი გამართა პორტუგალიასთან და 1:4 დამარცხდა.

„ჟოზე დოს სანტოს პინტოზე“ ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ და ანგარიში საკმაოდ სწრაფად გახსნეს. ეს პაულუ ბერნარდუმ მე-15 წუთზე მოახერხა, შვიდ წუთში კი სამუელ კოშტამ მასპინძელთა უპირატესობა გაზარდა.

რამაზ სვანაძის გუნდმა მეორე ნახევარი დამაიმედებლად დაიწყო და 53-ე წუთზე ლუკა გაგნიძის პასით გიორგი მოისწრაფიშვილმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. მაგრამ პორტუგალიელებმა ენრიკე არაუჟუს (63) და აფონსუ სოუზას (75) გოლებით სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს.

სიახლე იყო ის, რომ გუნდის ძირითად შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა მოსკოვის „დინამოს“ 20 წლის ცენტრალურმა მცველმა საბა საზონოვმა.

შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 27 სექტემბერს გამართავს. გუნდი სტამბოლში, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის ქაზიმფაშას სტადიონზე თურქეთს შეხვდება.


პორტუგალია – საქართველო 4:1


გოლები: 1:0 ბერნარდუ (15), 2:0 კოშტა (22), 2:1 მოისწრაფიშვილი (53. გაგნიძის პასით), 3:1 არაუჟუ (63), 4:1 სოუზა (75)

24 სექტემბერი. 2022. ჟოზე დოს სანტოს პინტოკუვილია.

საქართველო: მეგრელიშვილი – ხვადაგიანი, საზონოვი (69. გელაშვილი), კალანდაძე – გოჩოლეიშვილი, ლ. გაგნიძე, ნ. გაგნიძე (61. ოსიყმაშვილი), შ. ნონიკაშვილი (37. გაგუა), მოისწრაფიშვილი (84. ნ. ხორხელი), ხარაბაძე (61. კაპანაძე) – გულიაშვილი (69. კვერნაძე)