მარცხი პოლონელებთან - ბათუმის „დინამომ“ თურქეთში პირველი მატჩი ჩაატარა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე პირველი საკონტროლო მატჩი პოლონურ ლოძის „ვიძევთან“ გამართა და 2:4 დამარცხდა.
ეს გია გეგუჩაძის გუნდისთვის შეკრებაზე პირველი საკონტროლო მატჩი იყო. „ვიძევმა“ კი ექსტრაკლასას საგაზაფხულო ეტაპის დაწყებამდე რამდენიმე საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა.
ქართულ გუნდთან დაპირისპირებამდე ლოძელებმა 0:0 ითამაშეს ლვივის „რუხთან“, 2:0 სძლიეს პოლონეთის პირველი ლიგის გუნდ „ხოჟნიჩანკას“, 0:1 დამარცხდნენ კრაიოვას „უნივერსიტატიასთან“ და 4:0 მოუგეს ჩეხურ „ბუდეიოვიცეს“ .
თურქული შეკრების პირველი საკონტროლო მატჩის შესახებ ინფორმაცია მწირია, რადგან ბათუმის „დინამომ“ დაანონსა, რომ, მეტოქე გუნდის თხოვნით, მატჩის პირდაპირი ტრანსლირება არ განხორციელდებოდა – მატჩი გულშემატკივრებისა და მედიისთვის დახურული იყო.
ბათუმის „დინამო“ პირველ წინასასეზონო შეკრებაზე თურქეთის ქალაქ ანტალიაში 28 იანვრამდე დარჩება და სამ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს. ამ პერიოდში გუნდს რამდენიმე ახალი მოთამაშე შეურთდება.