მარცხი ბოლო წუთებზე - „ბასიანმა“ „ჰაპოელთან“ წააგო და ელიტრაუნდის შანსი დაკარგა #1TVSPORT
საქართველოს მოყვარულთა ლიგის ჩემპიონი „ბასიანი“ უეფა-ს რეგიონთა თასის მეორე ტურში ბიკატ ჰაიარდენის „ჰაპოელს“ დაუპირისპირდა, ბოლო წუთებზე მოგება ხელიდან გაუშვა და 1:2 დამარცხდა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ნახევრის დიდი ნაწილიც ისე წარიმართა, მეტოქეები გატანას ვერ ახერხებდნენ. მთავარი მოვლენები მე-80 წუთის შემდეგ მოხდა, როდესაც ლაშა სილაკაძემ „ჰაპოელის“ მცველები ჩამოიტოვა და შეხვედრის დასრულებამდე მცირე ხნით ადრე საქართველოს ჩემპიონი ეფექტური გოლით დააწინაურა.
მაგრამ ისრაელის გუნდმა ბოლო წამამდე იბრძოლა და შედეგს მაინც მიაღწია. 90+1-ე წუთზე „ჰაპოელის“ ნახევარმცველმა ხაიმ იოსეფმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 90+3 წუთზე აზულეი იარდენმა კუთხურიდან გათამაშების შემდეგ გამარჯვების გოლი გაიტანა და „ბასიანი“ 1:2 დამარცხდა.
ჯგუფის მეორე შეხვედრა მასპინძელს, ბოსნიურ „ზენიცასა“ და შოტლანდიურ „ცენტრალ სქოტლანდს“ შორის 0:0 დასრულდა და ეს გუნდები 4-4 ქულით ჯგუფის ლიდერები არიან. საქართველოს ჩემპიონმა მეორე მარცხი იწვნია და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა. „ბასიანი“ ბოლო ტურში 28 აგვისტოს „ზენიცას“ დაუპირისპირდება.