Marca - ესპანეთის ნაკრებს ლუის ენრიკე ჩაიბარებს
Marca - ესპანეთის ნაკრებს ლუის ენრიკე ჩაიბარებს

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე გახდება, – იტყობინება გაზეთი Marca.

გამოცემის ცნობით, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია უკვე მოელაპარაკა 48 წლის მწვრთნელს ორწლიან კონტრაქტზე. ასევე, ამ თანამდებობაზე განიხილავდნენ კიკე სანჩეს ფლორესისა და რობერტო მარტინესის კანდიდატურებს.

ლუის ენრიკე 2014-17 წლებში წვრთნიდა „ბარსელონას“ და მასთან ერთად ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ორჯერ ქვეყნის თასი, ესპანეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გაათავისუფლა მთავარი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი, რომელიც ფედერაციის ხელმძღვანელობის ზურგს უკან აწარმოებდა მოლაპარაკებებს „რეალთან“. ლოპეტეგის ადგილი ფერნანდო იერომ დაიკავა. მან ნაკრები მერვედფინალში გაიყვანა, სადაც ესპანეთმა პენალტების სერიაში წააგო რუსეთთან.