მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერა ოფიციალურად დაასრულა #1TVSPORT

18:10, 01.07.2026

გერმანიის ეროვნული გუნდის მეკარემ, მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. ეს სიახლე 40 წლის ფეხბურთელმა პირადად გააჟღერა და სოციალურ ქსელში გამომწერებს ვრცელი წერილით მიმართა.

„მუნდიალიდან ასე ადრეულ ეტაპზე გამოთიშვა უდიდესი გულისტკივილია. ჩვენ ვერ გავამართლეთ არსებული იმედები და ტურნირზე გაცილებით შორს უნდა წავსულიყავით. მსგავსი დასასრული ძალიან მძიმეა.

ეროვნულ გუნდში კიდევ ერთხელ თამაში ჩემი სრულად გააზრებული არჩევანი იყო. ერთი მხრივ, ნაკრების ფორმის მორგება ჩემთვის ყოველთვის დიდ პატივთან და სიამაყესთან ასოცირდება, მეორე მხრივ კი, მსურდა, რომ ჩემი 40 წლის ასაკისა და ოთხ მსოფლიო პირველობაზე დაგროვილი გამოცდილების ხარჯზე, მაქსიმალურად დავდგომოდი გვერდში ახალგაზრდა მოთამაშეებს როგორც უშუალოდ მინდორზე, ისე მის მიღმაც. მართალია, ყველაფერი ასე მწარედ დასრულდა, მაგრამ გადადგმულ ნაბიჯს საერთოდ არ ვნანობ.

მიჭირს სიტყვებით გადმოვცე, რამდენად გულდაწყვეტილი ვარ, თუმცა პარალელურად უდიდეს მადლიერებას განვიცდი. უღრმესი მადლობა იმ მუდმივი თანადგომისთვის, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში მიწევდით“, – განაცხადა ნოიერმა.

გერმანიამ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა 1/16-ფინალში დაასრულა, სადაც პარაგვაის ეროვნულ გუნდთან თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა. მანუელ ნოიერი ბუნდესნაკრების რიგებში 2009 წლიდან თამაშობდა და სულ 128 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი