მანჩესტერი, ბერლინი, ნიცა - მასშტაბური ტერაქტების ქრონიკა
მანჩესტერი, ბერლინი, ნიცა - მასშტაბური ტერაქტების ქრონიკა

სულ მცირე, 22 ადამიანი გარდაიცვალა და 59 დაშავდა მანჩესტერ არენაზე აფეთქების შედეგად, რომელსაც სამართალდამცავები შესაძლო ტერორისტულ აქტად განიხილავენ.

აფეთქება პოპმომღერალ არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ მოხდა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ამბერ რუდიმ მომხდარს ბარბაროსული აქტი უწოდა, რომელიც საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების – ახალგაზრდებისა და ბავშვების წინააღმდეგ იყო მიმართული.

მანჩესტერის პოლიცია ვარაუდობს, რომ აფეთქება ერთმა ადამიანმა განახორციელა, რომელიც მარტო მოქმედებდა და შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.

სოციალურ ქსელში აფეთქების ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა გავრცელდა.

 

ბერლინის ტერაქტი, 2016 წლის 19 დეკემბერი

გერმანიაში, ბერლინის საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომობილი შევარდა. შედეგად გარდაიცვალა 12 და დაშავდა 48 ადამიანი.

თავდამსხმელი ტუნისელი ანის ამრი პოლიციის მხრიდან სროლის შედეგად 23 დეკემბერს მილანში დაიღუპა.

მომხდარზე პასუხიმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

 

ტერაქტი ნიცაში, 2016 წლის 14 ივლისი

სულ მცირე, 80 ადამიანი გარდაიცვალა საფრანგეთში, ნიცაში მომხდარი ტერაქტის შედეგად, რა დროსაც სატვირთო ავტომობილი ხალხში შევარდა. მოქალაქეები ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდნენ.

ვიდრე თავდამსხმელს პოლიცია მოკლავდა, მან გასროლა მოახერხა.

მძღოლი 31 წლის ტუნისელი იყო.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო, რომელმაც განაცხადა, რომ სატვირთო ავტომობილის მძღოლი მათი მიმდევარი იყო.

 

პარიზის ტერაქტი, 2015 წლის 13 ნოემბერი

საფრანგეთში, პარიზში, 13 ნოემბერს რამდენიმე ტერორისტული აქტი მოხდა. თვითმკვლელი ტერორისტი თავს დაესხა საკონცერტო დარბაზს, აფეთქება მოხდა ასევე მთავარ სტადიონთან. ტერორისტული აქტების შედეგად გარდაიცვალა 130 ადამიანი.

საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის შეფასებით, ტერაქტების ორგანიზატორი ე.წ. ისლამური სახელმწიფო იყო.

ყველაზე დიდი თავდასხმა ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში მოხდა. შეიარაღებულმა მამაკაცმა კალაშნიკოვის ტიპის იარაღი ხალხის მიმართულებით გაისროლა.

როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, თავდამსხმელი არაბულ ენაზე ყვიროდა – „ღმერთი დიდია“.

 

ტერაქტი ბრიუსელის აეროპორტში, 2016 წლის 22 მარტი

ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროსადგურში აფეთქებას 32 ადამიანი ემსხვერპლა.

ორი აფეთქება მოხდა აეროპორტის მთავარ ტერმინალთან, კიდე ერთი აფეთქება – დედაქალაქის ცენტრში მეტროსადგურთან.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

ტერაქტს შეესწრო საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა, რომელმაც ადგილზე ექსკლუზიური ფოტოები გადაიღო და ტერაქტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ქეთევან ქარდავას ფოტოები მსოფლიოს წამყვანმა მედიასაშუალებებმა თავიანთი მასალებისთვის გამოიყენეს.