„მანჩესტერ სიტისა“ და “ნიუკასლს“ ევროკომისიაში უჩივლეს #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტისა“ და “ნიუკასლს“ ევროკომისიაში უჩივლეს #1TVSPORT

ევროპულმა კომისიამ, შესაძლოა, გამოძიება დაიწყოს „მანჩესტერ სიტისა“ და“ნიუკასლის“ მიმართ უცხოური სუბსიდიების შესახებ რეგლამენტის შესაძლო დარღვევის გამო.

როგორც გაზეთი Dail Mail-ი წერს, ევროკომისიამ ორივე ინგლისურ კლუბზე საჩივარი მიიღო. მისი მიხედვით, გუნდებმა დაარღვიეს წესი, რომელიც მოწოდებულია, არ დაუშვას ევროპის შიდა ბაზარზე იმ ქვეყნების მთავრობათა გავლენა, რომლებიც არ შედიან ევროკავშირში. ლაპარაკია იმ საჯარო კომპანიების მიერ გამოყოფილ სუბსიდიებზე, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად კონტროლდებიან სახელმწიფოს მიერ.

„მანჩესტერ სიტის“ მფლობელია შეიხი მანსურ იბნ ზაიდ ალ-ნაჰაიანი – არაბეთის გაერთიანებული საამიროების მმართველი ოჯახის წევრი და ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი. „ნიუკასლის“ აქციათა 80 პროცენტი ეკუთვნის საუდის არაბეთის სუვერენულ საინვესტიციო ფონდს, რომლის მფლობელია საუდის არაბეთის მეფის ვაჟი მუჰამედ იბნ სალმანალ-საუდი, რომელიც ქვეყნის ფაქტობრივი მმართველია.

აღნიშნავენ, რომ, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის მიუხედავად, უცხოური სუბსიდიების შესახებ წესი ვრცელდება იმ კლუბებზე, რომლებიც ინგლისის პრემიერლიგაში თამაშობენ.

ვარაუდობენ, რომ „მანჩესტერ სიტიზე“ და „ნიუკასლზე“ საჩივარი შეიძლება ესპანეთის ლა ლიგას შეეტანა, რომელმაც აგვისტოში ოფიციალურად მიმართა სარჩელით ევროკომისიას „პარი სენ-ჟერმენეზე“ მისი კატარელი მფლობელების გამო.