ინგლისის პრემიერლიგის 23-ე ტურში მოქმედმა ჩემპიონმა „ლივერპულმა“ შინ 1:4 წააგო „მანჩესტერ სიტისთან“ და მხოლოდ თეორიული შანსები დაიტოვა ტიტულის შესანარჩუნებლად.
თანაბარ პირველ ტაიმში ყველაზე რეალური მომენტი „სიტის“ ჰქონდა, მაგრამ ილქაი გიუნდოგანმა პენალტი კარს ააცილა.
სამაგიეროდ, მან მეორე ტაიმში გახსნა ანგარიში, 1:1-ზე (ანგარიში პენალტით მუჰამედ სალაჰმა გაათანაბრა) კი დუბლი შეასრულა და მეორედ გაიყვანა წინ თავისი გუნდი. ეს 73-ე წუთზე მოხდა. კიდევ 10 წუთის ინტერვალით ალისონის კარში გოლები რაჰიმ სტერლინგმა და ფილ ფოდენმა გაიტანეს და „სიტიმ“ 4:1 გაიმარჯვა.
ეს ამ გუნდის ზედიზედ მე-14 მოგება იყო ოფიციალურ მატჩებში და მეათე მოგება – პრემიერლიგაში. რაც მთავარია, მანჩესტერელებმა შეწყვიტეს „ენფილდზე“ მოუგებელი სერია, რომელიც 2003 წლიდან იღებდა სათავეს.
„სიტი“ 50 ქულით ლიდერობს პრემიერლიგის ცხრილს, ხუთი ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ „მანჩესტერ იუნაიტედს“ და 10 ქულით „ლივერპულს“, თან ორივეზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.