„მანჩესტერ სიტიმ“ „ჰადერსფილდი“ 6:1 გაანადგურა
„მანჩესტერ სიტიმ“ „ჰადერსფილდი“ 6:1 გაანადგურა

ინგლისის ჩემპიონმა „მანჩესტერ სიტიმ“ მეორე მატჩი მოიგო ახალ სეზონში. პრემიერლიგის მეორე ტურში ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა საკუთარ მოედანზე „ჰადერსფილდი“ გაანადგურა – 6:1.

„სიტის“ რიგებში სამი გოლი გაიტანა სერხიო აგუერომ, თითო – გაბრიელ ჟესუსმა და დავიდ სილვამ, ერთიც ტერენს კონგოლოს ავტოგოლი იყო. „ჰადერსფილდის“ მხრიდან ერთი გოლი იონ გორენც-სტანკოვიჩმა გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ აგუერომ პირველი გოლი „სიტის“ მეკარის, ედერსონის პასით გაიტანა. ის გახდა ამ კლუბის პირველი გოლკიპერი, რომელმაც საგოლე გადაცემა შეასრულა.

„მანჩესტერ სიტიმ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

ედერსონი, კომპანი, სტოუნზი, ლაპორტი, ფერნანდინიო, გიუნდოგანი (ფოდენი, 82), ბერნარდო სილვა, დავიდ სილვა (მაჰრეზი, 64), მენდი, გაბრიელ ჟესუსი, აგუერო (სანე, 76).

ორი ტურის შემდეგ, ექვსი ქულით, „სიტი“ ერთ-ერთი ლიდერია. ამდენივე ქულა აქვთ: „უოტფორდს“, „ჩელსის“, „ტოტენჰემსა“ და „ბორნმუთს“. ამ ხუთეულს შეიძლება შეუერთდეს „ლივერპული“, რომელიც ორშაბათს ითამაშებს „კრისტალ პალასის“ წინააღმდეგ.