პორტუგალიელი მცველი რუბენ დიაში „მანჩესტერ სიტის“ წევრი გახდა. ფეხბურთელი მესამე ნომრით ითამაშებს. მასთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ბენფიკადან“ ფეხბურთელის ტრანსფერის თანხამ 68 მილიონი ევრო შეადგინა.
„ისეთ კლუბში გადასვლის შესაძლებლობა, როგორიც „მანჩესტერ სიტია“ – შესანიშნავი პერსპექტივაა ჩემთვის, რაზეც უარი არ უნდა მეთქვა. მათი წარმატება თავისთავად ყველაფერზე ლაპარაკობს. ბოლო რამდენიმე წელი, „სიტი“ მთავარი გუნდი იყო ინგლისში, თამაშობდა შემტევ ფეხბურთს, რომელიც სწორედ ჩემი სტილია.
მართლაც შესანიშნავია მსოფლიო დონის მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით თამაში, რომელმაც უამრავი ახალგაზრდა ფეხბურთელის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. და იმედია, ჩემს შემთხვევაშიც ასე იქნება. მიმაჩნია, რომ შემიძლია უკეთესი გავხდე იმ კლუბში, რომლის ამბიციები ჩემსას ემთხვევა. და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ წარმატებას მივაღწიო და ტიტულები მოვიგო“, – თქვა დიაშმა.
23 წლის პორტუგალიელი „ბენფიკას“ აღზრდილია. გასულ სეზონში მან 49 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.