„მანჩესტერ სიტი“ და „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდნენ - ჰალანდმა „ლაიპციგს“ ხუთი გოლი გაუტანა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრებში „მანჩესტერ სიტიმ“ „ლაიპციგს“ უმასპინძლა (პირველი თამაში 1:1), „პორტუმ“ – „ინტერს“ (0:1).
„სიტიმ“ „ლაიპციგი“ არ დაინდო და 7:0 მოუგო. ეს შეხვედრა მანჩესტერელთა ნორვეგიელი ფორვარდის, ერლინგ ჰალანდის შოუდ იქცა, რომელმაც 57 წუთში პენტა-თრიკი (ხუთი გოლი ერთ მატჩში) შეასრულა და მესამე ფეხბურთელი გახდა, ვისაც ჩემპიონთა ლიგის ერთ თამაშში ხუთი გოლი აქვს გატანილი. აქამდე ამის გაკეთება „ბარსელონაში“ თამაშის დროს ლიონელ მესიმ (2012 წელს – „ლევერკუზენთან“ მატჩში) და „შახტარის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ლუის ადრიანომ (2014 წელს – „ბატესთან“) შეძლეს.
დღის მეორე შეხვედრაში „ინტერმა“ „პორტუსთან“ სტუმრად 0:0 ითამაშა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
ამრიგად, უკვე ცნობილია ჩემპიონთა ლიგის ექვსი მეოთხედფინალისტი:
„ბაიერნი“ (გერმანია)
„ბენფიკა“ (პორტუგალია)
„ინტერი“ (იტალია)
“მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი)
„მილანი“ (იტალია)
“ჩელსი“ (ინგლისი)
დარჩენილი ორი მეოთხედფინალისტის ვინაობა 16 მარტს გაირკვევა – ერთმანეთს „ნაპოლი“-„აინტრახტი“ (პირველი მატჩი 2:0) და „რეალი“-„ლივერპული“ (5:2) შეხვდებიან.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისა და ნახევარფინალის წილისყრა 17 მარტს გაიმართება.