„მანჩესტერ იუნაიტედმა“ შინ „ბრაიტონთან“ წააგო, კრიშტიანო რონალდო სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა [ვიდეო] #1TVSPORT
წარუმატებელი გამოდგა ერიკ თენ ჰაგის დებიუტი პრემიერლიგაში „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის რანგში. მისმა გუნდმა შინ 1:2 წააგო პირველი ტურის მატჩი „ბრაიტონთან“, რომლისთვისაც ეს პირველი მოგება იყო ისტორიაში „ოლდ ტრაფორდზე“.
„მანჩესტერმა“ კატასტროფულად ჩაატარა პირველი ტაიმი – ორი გოლი გაუშვა, დარტყმების შეფარდება კი 12:5 იყო „ბრაიტონის“ სასარგებლოდ. სტუმრების მხრიდან დუბლი შეასრულა გერმანელმა პასკალ გროსმა.
მეორე ტაიმში მოედანზე კრიშტიანო რონალდო გამოჩნდა. ეს მოხდა 53-ე წუთზე. დაახლოებით 15 წუთში კი „იუნაიტედმა“ ერთი ბურთი გაქვითა – კუთხურისას დიოგო დალოტის აქტიურობის შემდეგ, მაკალისტერმა ავტოგოლი გაიფორმა.
დარჩენილ დროში მასპინძლებს განსაკუთრებულად სახიფათო მომენტი არ შეუქმნიათ და „იუნაიტედმა“ წაგებით დაიწყო ახალი სეზონი.
მანჩესტერ იუნ-ბრაიტონი 1:2
გოლები: 0:1 გროსი (30), 0:2 გროსი (39), 1:2 მაკალისტერი (68-საკ. კარში)
მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, დიოგო დალოტი, მაგუაირი, მარტინესი, შოუ (90. მალასია), ფრედი (53. კრიშტიანო რონალდო), ბრუნო ფერნანდეში (90. გარნაჩო), მაკტომინეი (78. ვან დე ბეკი), ერიქსენი, რეშფორდი, სანჩო (90. ელანგა).