„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება, მბაპესა და სალაჰის სარეკორდო გოლები და მესის მე-1000 შედეგიანი მოქმედება - უქმეების მთავარი ციფრები #1TVSPORT
განვლილ უქმეებზე ევროპულ სტადიონებზე ბევრი საინტერესო რიცხვი დაფიქსირდა. ყველაზე დიდი ხმაური კი „მანჩესტერ იუნაიტედის“ „ლივერპულთან“ მარცხს მოჰყვა.
0:7 ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხია „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის, ერიკ თენ ჰაგის კარიერაში, რომელიც 481 მატჩს ითვლის.
0:7 წაგება არის „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხის გამეორება. ასეთი ანგარიშით „იუნაიტედს“ წაგებული აქვს – „ბლექბერნთან“ (1926), „ასტონ ვილასთან“ (1930) და „ვულვერჰემპტონთან“ (1931).
6 მატჩია „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ უგოლოდ არ ტოვებს მოედანს მოჰამედ სალაჰი. ასეთი რამ „ლივერპულში“ აქამდე არავის გაუკეთებია.
6 მატჩი ვერ ახერხებდა გამარჯვებას „ჩელსი“. სერია „ლიდსის“ (1:0) წინააღმდეგ მატჩში შეწყდა.
7:0 „ლივერპულის“ ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებაა „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ. წინა რეკორდი (7:1) 1895 წელს იყო დამყარებული.
8 მოგება მიითვალა ზედიზედ ბუნდესლიგის გათამაშებაში „დორტმუნდმა“. ეს საკლუბო რეკორდის გამეორებაა, რომელიც 2011-12 წლების სეზონში დამყარდა და მაშინ გუნდმა იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით ზედიზედ მეორედ მოიგო ტიტული.
10 წამში სასტარტო სასტვენის შემდეგ „ბორნმუთის“ ნახევარმცველმა ფილიპ ბილინგმა გახსნა ანგარიში „არსენალთან“ მატჩში. ეს მეორე ყველაზე სწრაფი გოლია პრემიერლიგის ისტორიაში – 2019 წლის აპრილში შეინ ლონგმა შეხვედრის მე-8 წამზე გაიტანა.
11 წელი „არსენალს“ არ ჰქონდა მოგებული შეხვედრა 0:2 ჩამორჩენის შემდეგ.
18 ტურია არ მარცხდება „რეიმსი“ (8 მოგება, 10 ფრე). ეს ყველაზე გრძელი წაუგებელი სერიაა TOP 5 ქვეყნების ჩემპიონატებში. გუნდი საფრანგეთის ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
31 წამი დაფიქსირდა „იუვენტუსის“ ფორვარდის მოიზე კინის მოედანზე გასვლასა და წითელი ბარათის მიღებას შორის.
37 წლის შემდეგ პირველად „არსენალის“ სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა ფეხბურთელი, რომელსაც არსენ ვენგერის ხელმძღვანელობით უთამაშია. ბოლოს ასეთ ფაქტს 1986 წლის 22 იანვარს ჰქონდა ადგილი.
100 „მშრალი“ მატჩი ჩაატარა „მანჩესტერ სიტიში“ მეკარე ედერსონმა. ამისთვის ბრაზილიელს 208 მატჩი დასჭირდა. პრემიერლიგაში მხოლოდ პეტრ ჩეხმა (ჩელსი, 180 მატჩი) და პეპე რეინამ (ლივერპული, 198) მიაღწიეს ამ ნიშნულს უფრო სწრაფად.
129 გოლით მოჰამედ სალაჰი პრემიერლიგაში „ლივერპულის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან რობი ფაულერს გადაასწრო.
150 გოლი დაუგროვდა „ატლეტიკოში“ ანტუან გრიზმანს. მასზე წინ მხოლოდ ლუის არაგონესია (154).
159 გოლი გაიტანა „დორტმუნდში“ მარკო როისმა. ის გაუთანაბრდა მიხაელ ცორკს და კლუბის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზეა.
201 გოლი გაიტანა „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში კილიან მბაპემ. მან ედინსონ კავანის გაუსწრო და პარიზული კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მბაპეს რეკორდის დასამყარებლად 247 მატჩი დასჭირდა.
1000 შედეგიანი მოქმედება დაუგროვდა საკლუბო კარიერაში ლიონელ მესის – 701 გოლი და 299 პასი 841 მატჩში „ბარსელონასა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში.