მანანა რატიანი - მოსწავლეები ციფრული სამყაროდან დიდ ინფორმაციას იღებენ, ვალდებული ვართ, გავაკონტროლოთ, რას როგორ ვაკეთებთ
მანანა რატიანი - მოსწავლეები ციფრული სამყაროდან დიდ ინფორმაციას იღებენ, ვალდებული ვართ, გავაკონტროლოთ, რას როგორ ვაკეთებთ

უნდა ვიზრუნოთ, რომ ადამიანი სოციალურ სფეროში ციფრულ მოქალაქედ ჩამოყალიბდეს, – განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, მანანა რატიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„არსებობს ცნება – ციფრული მოქალაქეობა. წლებია ვსაუბრობთ, რომ უნდა ვიყოთ მოქალაქეები, გვქონდეს ფასეულობები, ღირებულებები, მაგრამ ამის პარალელურად ანუ, კომენტარების სახით თითოეულმა მათგანმა უნდა ვაკონტროლოთ, რომ ძალადობრივი ენა არ გამოვიყენოთ“, – განაცხადა რატიანმა.

როგორც მან აღნიშნა, ექსტრემალური ძალადობა მსოფლიო მასშტაბის პრობლემაა და ინტერნეტი და სოციალური ქსელი დღეს ძალიან დიდ როლს თამაშობს.

„მოსწავლეები ციფრული სამყაროდან ძალიან დიდ ინფორმაციას იღებენ და ჩვენ, მოზრდილები ვალდებული ვართ, გავაკონტროლოთ, რას როგორ ვაკეთებთ“, – განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მაშინ, როცა ყველა ნაბიჯზე ძალადობას ვხედავთ, რამდენად მართებულია მთელი პასუხისმგებლობა სკოლას ავკიდოთ და ასეთ პირობებში რამდენად რეალისტურია აგრესიისგან დაცლილი, ჯანსაღი ფსიქიკის თაობის აღზრდა, მანანა რატიანმა თქვა, რომ ამ პროცესში ყველას თანაბარი პასუხისმგებლობა აქვს.