მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი 24 ქულით - „ჰერდი“ ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებისა და „მილუოკი ბაქსის“ მძიმე ფორვარდმა, ამჯერად NBA-ის განვითარების ლიგაში ითამაშა, სადაც მისი გუნდი, „ვისკონსინ ჰერდი“ „კოლეჯ პარკ სქაიჰოუქსს“ დაუპირისპირდა და 124-131 დამარცხდა.
სანდრო სასტარტო შემადგენლობაში იყო და 37 წუთში 24 ქულა, 15 მოხსნა (3 შეტევაში), 4 პასი და 3 დაფარება დააგროვა. მან 12-დან 7 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 4-დან 2 ერთქულიანი ჩააგდო. მამუკელაშვილი 4-ჯერ დაჯარიმდა და 3-ჯერ დაკარგა ბურთი.
აღსანიშნავია, რომ ქართველი კალათბურთელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს.
„სქაიჰოუქსმა“ პირველი მეოთხედი 20 ქულით მოიგო და მიუხედავად იმისა, რომ ვისკონსინელებმა მეორე და მესამე მეოთხედები მოიგეს, მატჩი მაინც მეტოქის სასარგებლოდ დასრულდა.
„ჰერდი“ შემდეგ მატჩს ისევ „კოლეჯ პარკ სქაიჰოუქსთან“ 19 მარტს გამართავს.