მამუკელაშვილის გუნდი ბოლო წუთებში დამარცხდა - „სეტონ ჰოლისთვის“ სეზონი დასრულებულია [ვიდეო] #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლი“, „სენტ ჯონსთან“ გამარჯვების შემდეგ, Big East-ის ნახევარფინალში „ჯორჯთაუნს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 58:66 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა 39 წუთი ითამაშა. ამ დროში მან 8 ქულა, 10 მოხსნა (5-5 შეტევაში და დაცვაში) და 5 პასი დააგროვა. სანდროს, სამწუხაროდ, არც თუ ისე კარგი პროცენტი ჰქონდა, მან 5-დან ერთი სამქულიანი ჩააგდო და 8 ორქულიანიდან მხოლოდ ორი ჩააგდო. მამუკელაშვილმა 3-ჯერ ისროლა საჯარიმოს ხაზიდან, საიდანაც ერთი იყო ზუსტი.
მიუხედავად ამისა, 21 წლის კალათბურთელს შეხვედრაში გამორჩეული მომენტები ჰქონდა.
რაც შეეხება შეხვედრას, პირველი ტაიმი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. „ჯორჯთაუნი“ შესვენებაზე მხოლოდ 2-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მეორე ტაიმში მატჩის დასრულებამდე 2 წუთითა და 30 წამით ადრე ანგარიში თანაბარი იყო. მიუხედავად ამისა, „მეკობრეებმა“ მაინც ვერ შეძლეს გამარჯვების მოპოვება და 8 ქულით დამარცხდნენ.
„სეტონ ჰოლისთვის“ სეზონი დასრულებულია. სანდრო მამუკელაშვილმა კი ამ გუნდის მაისურით ბოლო შეხვედრა ჩაატარა და დიდი ალბათობით, შემდეგ სეზონში ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში კიდევ ერთ ქართველს ვიხილავთ.
შეგახსენებთ, რომ სანდრო კარლ მელოუნის პრიზისთვის იბრძვის, სადაც ფინალში 5 საუკეთესო თავდამსხმელს (მძიმე ფორვარდი) შორის მოხვდა. გამარჯვებული 9 აპრილს ESPN-ის პირდაპირ ეთერში გამოვლინდება.